ყველაზე რეალური კანდიდატები გამოიკვეთა – ვინ ჩაიბარებს ესპანეთის ნაკრებს?

289

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოპეტეგის გათავისუფლება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მუნდიალის დაწყებამდე მისი “რეალში” დანიშვნის შესახებ გამოცხადდა.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის ყველაზე კარგი შანსი 4 სპეციალისტს აქვს.

მიჩელ გონსალესი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, “ფურია როხას” ღირსება 66 მატჩში დაუცავს. მან სამწვრთნელო კარიერა “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, რის შემდეგაც “რაიო ვალეკანოში”, “ხეტაფეში”, “სევილიაში”, “მარსელსა” და “მალაგაში” უმუშავია.

მისი ხელმძღვანელობით, “მალაგა” ლა ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა. გუნდმა ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა და ლიგაში დარჩენის რეალური შანსი არც ჰქონია.

ლუის ენრიკე

“ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ამჟამად უმუშევარია. მას რამდენიმე თვის წინ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, თუმცა ახლა პრესაში აღარაფერი იწერება.

ენრიკე ნაკრების ფორმით წლების მანძილზე თამაშობდა, ახლა კი შეუძლია, რომ “ფურია როხაში” თავისი შემტევი სათამაშო სტილი, მწვრთნელის რანგში გამოიყენოს.

ალბერტ სელადესი

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრების ფორმით 4 შეხვედრაში უთამაშია.

იგი ამჟამად ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ამ პოსტზე 2014 წლიდან მუშაობს.

ფედერაციასთან დაახლოებული პირია, შიდა სამზარეულო კარგად იცის და ერთ-ერთ ყველაზე ოპტიმალურ კანდიდატურად განიხილება. 42 წლის სელადესის მთავარი მინუსი კი გამოუცდელობაა, მას უმაღლეს დონეზე ჯერ არ უმუშავია.

აიტორ კარანკა

2008-2010 წლებში ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. 2010-2013 წლებში კი “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. ამჟამად “ნოტინგემ ფორესტის” დამრიგებელია.

44 წლის კარანკას ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკება იოლი არ იქნება, თუმცა თუკი მწვრთნელს ასეთ სიტუაციაში ნაკრების ჩაბარების სურვილი ექნება, ინგლისელები მის პოზიციას გაითვალისწინებენ.


Crystalsport