გაიცანი გულშემატკივარი: ბაბი კირკიტაძე

457

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი – მომღერალი, რადიო “ენერჯის” წამყვანი, მსახიობი ბაბი კირკიტაძე…

– თუ გახსოვს პირველი მატჩი, რომელსაც უყურე ან პირველი შეხება ფეხბურთთან…
– სიმართლე გითხრათ, პირველი მატჩი არ მახსოვს, მაგრამ როგორც ყველა ბავშვს, მეც მქონდა ფეხბურთთან შეხება. როცა სკოლის ბიჭები თამაშობდნენ, მეკარე ვიყავი ხოლმე. ერთხელ ერთ–ერთი პირველი თამაშის ყურებისას იმდენი ემოცია გამოვხატე, რომ მეორე ტაიმიდან ოთახიდან გამაგდეს (იცინის).

– რომელმა მოთამაშემ მოახდინა პირველი ეფექტური როგორც ვიზუალური კუთხით, ისე სათამაშო ასპექტით?
– ზინედინ ზიდანმა. გარდა იმისა, რომ იყო უმაღლესი დონის შემსრულებელი და ახლა უკვე მწვრთნელადაც დიდებულად იმუშავა, არის ძალზე ელეგანტური და სიმპათიური. საოცარი კადრია, როცა 2006 წელს იტალიასთან ფინალში გაძევების შემდეგ მსოფლიო თასს ჩაუვლის. სხვათა შორის, ახლა ძალიან შემიყვარდა ლორის კარიუსი, რომელიც რეალურად უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ძალიან შემეცოდა იმ შეცდომების გამო და თან, როგორც აღმოჩნდა, ტვინის შერყევა ჰქონდა. პლიუს ამას, აუტანლად სიმპათიურია (იცინის).

– თუ გყავს გამორჩეული გუნდი?
– აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ, მხოლოდ ლამაზ და ეფექტურ ფეხბურთს ვქომაგობ.

– შენი აზრით, დღეს ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ვინ თამაშობს?
– მესი და “ბარსელონა”.

– რას იტყოდი კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც გოგონებში ასევე ძალიან პოპულარულია…
– რა უნდა ვთქვა? ასევე ძალიან მაგარია და ძალიან მომწონს. ისე, პირად ცხოვრებაში ცოტა უცნაური ადამიანია…

– გასულ საკლუბო სეზონში რამდენად ხშირად ახერხებდი მატჩების ყურებას?
– სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ხშირად ვახერხებდი. მით უმეტეს ინფორმაციული თვალსაზრისით, როდესაც შენ აშუქებდი რადიო “ენერჯის” ეთერში, მეც “მუღამში” შევდიოდი ხოლმე.

– “რეალი”–”ლივერპულის” ფინალში ვისკენ იყავი?
– მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კარიუსის შესახებ ჯერ არ ვიცოდი, მაინც “ლივერპულისკენ”.

– შენი გემოვნებით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
– ისევ და ისევ მესი.

– და ყველაზე სიმპათიური?
– მაინც კარიუსი (იცინის). გარდა ამისა, ზიდანი, გუარდიოლა და რა თქმა უნდა, დევიდ ბექჰემი!

– წლევანდელ მუნდიალზე ვინაა შენი ფავორიტი ნაკრები?
– პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის. აქაც ნეიტრალური ვარ. უბრალოდ, კონკრეტული შეხვედრიდან საქომაგოდ ერთ გუნდს ვირჩევ ხოლმე.

– საქართველოს ნაკრები…
– იმედისმომცემი ახალგაზრდა თაობა მოდის და დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ–ნელა პროგრესისკენ წავალთ. ოდესღაც 37 წლის წინ დიდი სიტყვა გვაქვს ნათქვამი და დროა, ისევ ვთქვათ.

– ყველაზე მაგარი გოლი, რაც გინახავს…
– შორს რომ არ წავიდეთ, კრიშტიანუს საოცარი “მაკრატელა” “იუვენტუსის” კარში.

– ყველაზე ემოციური მატჩი შენთვის…
– ბოლოს რაც მახსენდება “ტოტენჰემი”–”იუვენტუსი”. პირველი შეხვედრის შემდეგ ნერვები მომეშალა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ “იუვე” მოიგებდა (იცინის).

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც მოესწარი + მწვრთნელი…
– ბუფონი – კაფუ, ნესტა, რამოსი, მარსელო – ვიეირა, ზიდანი, კაკა, დიბალა – მესი, კრიშტიანუ. მწვრთნელი? სჭირდება ამ გუნდს გაწვრთნა?! მოდი, ძმები არველაძეები იყვნენ.