ზაზა ნადირაძე: მთავარია ხალხის სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!

1033

ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ გიორგი ფულარიანის საავტორო გადაცემაში Legends ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა…

– პირველ რიგში, გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას. რამდენად რთული იყო ამ ტიტულის მოპოვება?
– უღრმესი მადლობა. რასაკვირველია, ძალიან რთული იყო, რადგან უმაღლესი დონის შეჯიბრი გახლდათ. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც სამეულში მოხვდნენ, საკმაოდ ტიტულოვანი და ძლიერი ათლეტები არიან. წინა გათამაშება სწორედ ბელარუსმა მოიგო და ახლა გამარჯვების შემდეგ მითხრა, მიხარია, რომ შენ მოიგე და არა სხვამო.

– როგორც ცნობილია, ამ შეჯიბრზე მხრის ტრავმით იასპარეზე…
– დიახ, ძალიან მაწუხებდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, ბოლო მომენტამდე არ შემემჩნია. საფინალო გაცურვამდე გახურებისას მყესები ამტკივდა და ძალიან ავნერვიულდი – ნუთუ ყველაფერი წყალში მეყრება–მეთქი?! მაგრამ მწვრთნელმა დამამშვიდა, მასაჟისტმა თავისი საქმე გააკეთა, ექიმებმა გამიყინეს, მაგრამ ისეთი ტკივილია, რომ ეს ყველაფერი მაინც არ შველის. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.

– ზოგადად, როგორ დაიწყო ზაზა ნადირაძისა და ნიჩბოსნობის ისტორია?
– 2006 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მომიყვა ნიჩბოსნობის შესახებ და ძალიან დამაინტერესა. თავიდან ყველა მოყვარულის დონეზე ვიყავით, რადგან წყალთან ურთიერთობა გვიხაროდა, მაგრამ მერე უკვე სერიოზულად შემითრია. სამწუხაროდ, 2009 წელს მოტოციკლით ავარია მომივიდა, ტვინის ძლიერი შერყევა მქონდა და 2–წლიანი პაუზა გამომივიდა, მაგრამ საბედნიეროდ, დაბრუნება მაინც მოვახერხე.

– როგორ გადაიტანე ეს პაუზა?
– ძალიან ვნერვიულობდი. ყველა მეუბნებოდა, რომ აღარ უნდა მეკეთებინა ის, რაც ძალიან შემიყვარდა, ეს კი დამწყები სპორტსმენისთვის ძალიან რთული მომენტია. ყველანაირად ვეცადე და ნელ–ნელა ისევ წინ წამოვიწიე.

– შენი პირველი შეჯიბრი… რა განწყობით გახვედი იმ ტურნირზე და რა შედეგით დასრულდა?
– საქართველოში პირველ ტურნირზე 13 წლის ასაკში გავედი და სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი. ისე, მცირე დოზით ე.წ. “სპორტული მანდრაჟი” მობილიზებისთვის საჭიროა. დეტალურად აღარ მახსოვს, რას ვფიქრობდი – ერთადერთი ის იყო, რომ უნდა მომეგო. საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი სერიოზული წარმატება 2014 წელს 23–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება იყო. ეს იყო ორმაგი სტიმული, რომ რაღაც შემიძლია და მას შემდეგ ძალიან მონდომებით ვვარჯიშობ.

– ნიჩბოსნობას აქვს ასაკი?
– ზოგადად, ბავშვს 8 წლიდან შეუძლია მისვლა და ასწავლიან არამარტო ნიჩბოსნობას, არამედ ცურვას, ფიზიკურ განვითარებას; ათამაშებენ ფეხბურთს და ა.შ. ერთ–ერთ ქალ ბელარუს სპორტსმენს გავიხსენებ, რომელიც 46 წლისაა და დღემდე აქტიური სპორტსმენია. 8 ოლიმპიადაზე გავიდა და 2020 წელსაც გასვლას გეგმავს. თუ არ ვცდები, ყველა ოლიმპიადაზე მედალი აქვს მოპოვებული.

– ნიჩბოსანისთვის მთავარი რა არის – მენტალური, ფსიქოლოგიური სიძლიერე, ტექნიკური თუ ფიზიკური?
– ნებისმიერი სპორტსმენისთვის ფსიქოლოგიური სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცნობ ისეთ სპორტსმენებს, რომლებიც ვარჯიშებზე თავისუფლად აკეთებენ კარგ შედეგებს, მაგრამ უშუალოდ შეჯიბრზე რა ემართებათ, ვერ ვხსნი. ასევე ძალზე საჭიროა გამძლეობა. ჩემი მეგობარი რუსი სპორტსმენი 4 წუთს ძლებს წყალქვეშ, მე კი ასეთი გამძლეობა არ მაქვს, უფრო ტექნიკაზე მაქვს აქცენტი.

– როცა დაიწყე სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობა, რამდენად გაგიჭირდა სპეციფიკის ათვისება?
– საერთოდ არ გამჭირვებია. ზოგადად, ბალანსის დაჭერა ყველას უჭირს, მაგრამ ეს პრობლემა მე არ მქონია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაზე მეტად წყალთან შეხება გვახარებდა.

– ნიჩბოსნობა ძალიან ჰგავს სპრინტს. მაგალითისთვის, ავიღოთ ლეგენდარული სპრინტერი უსეინ ბოლტი, რომელსაც პირველი 30 მეტრი ძლიერი არ აქვს, მაგრამ შემდეგ კრეფს სისწრაფეს და უკვე ყველას უსწრებს. ნიჩბოსნობაში რამდენად მნიშვნელოვანია სტარტი?
– ჩვენთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნახევარ წამს, დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება, ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. რიოს ოლიმპიადაზე ბრაზილიელმა თავიდან 3 მეტრი მომიგო, შემდეგ გავასწარი, მაგრამ დავიღალე და ბოლოს ნახევარი მეტრით მომიგო.

– შენი ხედვით, ამჟამად რა მდგომარეობაა საქართველოში ნიჩბოსნობის პოპულარიზაციის კუთხით?
– ამ მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს, რადგან დედაქალაქში ელემენტარულად ბაზა არ არსებობს. თბილისის ზღვაზე გასახდელი არ არის და ბიჭები წვიმაშიც იცვლიან ხოლმე. მცხეთაში ახალი ბაზა შენდება. ზოგადად, პოპულარიზაციის მხრივ სპორტის ეს სახეობა, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზეა.

– შენი აზრით, მთავარი პრობლემა რაშია?
– თუ არ მოინდომებ, არაფერი გამოგივა. ასე რომ, ხალხმა, ვინც ამ სპორტშია ჩართული, მაქსიმალურად უნდა მოინდომოს. მთავრობამ ბიუჯეტი სათანადოდ უნდა დახარჯოს, ბაზები უნდა აშენდეს, ნავებით უნდა მოამარაგო სპორტსმენები. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ დაპირებები იყო.

– ბავშვებს რამდენად აინტერესებთ ნიჩბოსნობა?
– ბავშვისთვის სასიამოვნოა, რომ უცხოა და თან, წყალთან გაქვს შეხება. სულ რომ არაფერი, “კატაობ” და სახალისოა. დიდია შანსი, რომ როგორც მე დავიწყე, ისე დაიწყოს სერიოზულად სხვამაც, მაგრამ პირობები, სამწუხაროდ, ძალიან ჭირს.

– შენი 12–წლიანი მოღვაწეობის პერიოდში თუ აგცრუებია სპორტზე გული?
– იმედგაცრუებაზე მეტად, წყენა მქონდა, რადგან ბევრმა ჩამომწერა, ეს კი მოტივაცია იყო ჩემთვის, რომ დამემტკიცებინა – შემიძლია ამ სპორტში მოღვაწეობა. წარმოიდგინეთ, 18–19 წლის ასაკშიც ამბობდნენ, რომ რაღა დროს ზაზას სპორტიაო?! სწორედ ეს იყო მოტივაციის მთავარი წყარო.

– შენი სამომავლო გეგმები?
– 2 კვირა უნდა დავისვენო, რადგან ფსიქოლოგიურად ძალიან დავიტვირთე. 2 თვე ყველაფერს მოშორებული ვიყავი. შემდეგ ბელარუსიაში ჩავალთ შეკრებაზე, 20–დან 24 ივლისამდე კი სტუდენტებში ევროპის ჩემპიონატი გველის. ბრესტში დაბრუნების შემდეგ შეკრებებს განვაახლებ, აგვისტოში კი მსოფლიო პირველობა გაიმართება და ეს ჩემთვის წლის ბოლო შეჯიბრი იქნება, სადაც მაქსიმალურად უნდა ვიყო ფორმაში. ისევ და ისევ მინდა, რომ ყველაზე მთავარი – ხალხის სიყვარული შევინარჩუნო, რომელსაც ვერ იყიდი.

– რჩება დამწყებ სპორტსმენებს…
– პირველ რიგში, მშობლებს ვეტყვი, რომ შეიყვანონ იმ სახეობაზე, სადაც ბავშვს სურს, რათა მთელი სულითა და გულით აკეთოს საქმე. აუცილებელია ბევრი შრომა, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა.