რეკორდები, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში დამყარდეს

311

დღეს საფეხბურთო დღესასწაული აიღებს სტარტს – 4–წლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

სტატისტიკის მოყვარულთათვის საინტერესო მასალა გვაქვს – რეკორდები, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში დამყარდეს…

მესი და მარკესი მარადონას მისდევენ

დიეგო არმანდო მარადონა კაპიტნის რანგში მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენია – 6 ბურთი. მის კვალდაკვალ თანამემამულე ლეო მესია, რომელმაც 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა, რეკორდამდე კი 3 ბურთი აშორებს.

მარადონას კიდევ ერთ რეკორდთან, რომელიც კაპიტნის რანგში 16 მატჩის ჩატარებას გულისხმობს, მექსიკელი რაფაელ მარკესია ახლოს. რაფას ანგარიშზე 14 შეხვედრაა და ამიტომ, დიდი ალბათობით ეს რეკორდი ჯგუფურ ეტაპზევე გაუმჯობესდება.

როცა ასაკი არ გაღელვებს…

გასულ მუნდიალზე კოლუმბიელმა ფალიდ მანდრაგონმა იაპონიის წინააღმდეგ 43 წლის და 3 დღის ასაკში იასპარეზა. ეს რეკორდი, შესაძლოა, სამხრეთამერიკელის კოლეგამ გააუმჯობესოს: ეგვიპტელი ასამ ელ–ჰადარი ურუგვაისთან მატჩისათვის 45 წლის და 5 თვის იქნება. ელ–ჰადარი სამ მწვრთნელზე უფროსია – მლადენ სკრტაიჩი (სერბეთი, 44 წლის), ალიუ სისე (სენეგალი, 42 წლის) და რობერტო მარტინესი (ბელგია, 44 წლის).

მწვრთნელი გამარჯვებული

ჰელმუტ შონის თავკაცობით გერმანელებმა 1966–დან 1972 წლამდე 16 მოგება დააგროვეს, იოახიმ ლიოვის ანგარიშზე კი 11 გამარჯვებაა. წელს აქვს შანსი, რომ თანამემამულის რეკორდი გააუმჯობესოს.

გოლების გატანა

ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ 3 მოთამაშეა, რომელთაც ზედიზედ 4 ტურნირზე აქვთ გოლი გატანილი. წელს ტიმ კეჰილს, რაფა მარკესსა და კრიშტიანუ რონალდუს პელეს, უვე ზეელერისა და მიროსლავ კლოზესთან ერთად მოხვედრის შანსი აქვთ.

ხამესი

ხამეს როდრიგესი, რომელმაც გასულ ჩემპიონატზე 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, შესაძლოა, გახდეს მოთამაშე, რომელსაც 7 შეხვედრაზე მეტი ექნება გამართული და პლიუს ამას, საშუალოდ თითო მატჩში გოლი. ამ მომენტისათვის ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი გერდ მიულერია – 14 მატჩი, 13 გოლი.