20 წელი ტრიუმფიდან – როგორ საფრანგეთს ვიხილავთ მუნდიალზე? (ნაწილი 4)

192

საფრანგეთი ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, შესაძლოა, არგენტინას შეხვდეს და, პოტენციურად, ეს წყვილი, მერვედფინალის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება.

ძლიერი და სუსტი მხარეები

საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მათ მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური გუნდი ეყოლებათ. ათლეტიზმიდან გამომდინარე, საფრანგეთს ძალიან კარგად შეუძლია, დაცვიდან, კონტრშეტევებზე, თამაში. სწორედ ასე მოუგო ევრო 2016-ზე მასპინძელმა საფრანგეთმა ფავორიტ გერმანიას. თითქმის ყველა ხაზში საფრანგეთს სათადარიგო სკამზეც ჰყავს მაღალი კლასის მოთამაშეები და დეშამის გუნდის დაღლის პრობლემა არ ექნება. ეს მუნდიალის დაძაბული რიტმისთვის, როდესაც ფინალის ჩათვლით ჩემპიონ გუნდს ერთ თვეში 7 თამაშის ჩატარება უწევს, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ ფორმაციის ნაკრებს აქვს გამოცდილების პრობლემა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა, მათ უმეტესობას აქვს ორი წლის წინა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პრაქტიკა. ევრო 2016-ზე ისინი მოწინააღმდეგის მასირებული დაცვის წინააღმდეგ უფრო მეტად ათლეტიზმისა და მონდომების ხარჯზე უტევდნენ, ვიდრე ორგანიზებული პოზიციური თამაშის. შედეგად, საფრანგეთმა ჯგუფის ორი თამაში – რუმინეთის და ალბანეთის წინააღმდეგ ბოლო წუთებზე გოლებით მოიგო. თუმცა, ორი წლის წინ საფრანგეთი მასპინძელი იყო და იგივე შემართებით და ემოციით დეშამის გუნდს მუნდიალზე თამაში გაუჭირდება.

ბურთის გამთამაშებელი ფეხბურთელების არყოლის პირობებში გუნდს გაუჭირდება პრესინგიდან ამოსვლა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც მაღალ პრესინგს ეფექტურად თამაშობენ (მაგალითად, ესპანეთი).

ისტორიული პანორამა

ისტორიულად, საფრანგეთის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მოთამაშეთა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და მათი შეკვრაა. ამას ისიც ემატება, რომ ფრანგულ ფეხბურთში, ჩვეულებრივ, არ გვხდება ბაიერნის, რეალის ან იუვენტუსის ტიპის გუნდები, რომლებიც ნაკრებისთვის ძირითად დასაყრდენს ქმნიან. ნაკრების ბირთვი, ჩვეულებრივ, ერთი გუნდის ბაზაზე არ ყალიბდება.

საფრანგეთის ნაკრების გაერთიანებას ხელს უშლის ფრანგულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება ძირძველ მოსახლეობასა და ემიგრანტული წარმოშობის მოქალაქეებს შორის. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება ნაკრებზეც, რომელშიც, ჩვეულებრივ, ემიგრანტული წარმოშობის მოთამაშეები უმრავლესობაში არიან. ნაკრების ჰიმნის „მარსელიოზას“ სიმღერის საკითხი ყოველთვის აქტიურად განიხილება ხოლმე. მაგალითად, ალჟირული წარმოშობის ბენზემა „მარსელიოზას“ დემონსტრაციულად არ მღეროდა.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

სწორედ შიდა პრობლემების თავიდან ასაცილებლად არ იწვევდა ემე ჟაკე, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი ნაკრებში, ერიკ კანტონას და დავიდ ჟინოლას, ამ წლების ფრანგული ფეხბურთის ორ მთავარ სკანდალისტს.

1982 წლამდე საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატებზე მხოლოდ ერთხელ იყო ნახევარფინალში. ისტორიულად საფრანგეთს ორი დიდი გუნდი ჰყავდა – 80-იანი წლების მიშელ პლატინის გუნდი და ზიდანის თაობის ნაკრები 1998-2006 წლებში. ნაკრები ამ ორივე შემთხვევაში ავტორიტეტული ლიდერის (პლატინი, ზიდანი) გარშემო გაერთიანდა. ზიდანის გარეშე ვარსკვლავური ნაკრები მყისვე სახეს კარგავდა. ფრანგებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მისაღწევად ლიდერების გარშემო გაერთიანდნენ. ესპანეთის ან გერმანიის ტიპის კოლექტიური ფეხბურთი, ფრანგებს შედეგის მიღწევაში არ ეხმარება.

ამ ფორმაციის ნაკრებს ასე მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. არც ანტუან გრიზმანი და, მით უმეტეს, არც პოლ პოგბა ამ როლის თამაშისთვის მზად არ არიან. ნაკრები უფრო დეშამის ავტორიტეტზე დგას. ამ ფაქტორმაც, შესაძლოა, ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს.

WC 2018 | 20 წლის შემდეგ და ლიდერი მუშკეტერის გარეშე! რა შანსი აქვს საფრანგეთს?

საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის მეორე რიგის ფავორიტია. გუნდი უნაკლოდ არ გამოიყურება, თუმცა ბევრი კოზირი აქვს და კარგი გზისა და გამართლების შემთხვევაში, შესაძლოა, ფინალამდეც მივიდეს.

წყარო: popsport.com