ლამპარდის აღიარება: “რატომ არ მომწონდა არასოდეს ინგლისისთვის თამაში”

597

ფრენკ ლამპარდმა სანაკრებო კარიერა გაიხსენა და აღიარა, რომ არასოდეს მოსწონდა ინგლისის ნაკრებისთვის თამაში.

“ჩელსის“ ლეგენდარულმა ექსშუახაზელმა 1999-დან 2014 წლამდე პერიოდში “სამი ლომისთვის“ 106-ჯერ ითამაშა, გაიტანა 29 გოლი და მონაწილეობა მიიღო ხუთ უმსხვილეს სანაკრებო ტურნირში.

ლამპარდის საკლუბო კარიერა გაცილებით წარმატებული გამოდგა. მან სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული, ოთხჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე, თითოჯერ, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა. “ჩელსის“ მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, იგი 648-ჯერ გავიდა მინდორზე.

“სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული 13 სეზონის შემდეგ, იგი “ჩელსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: მეტოქეთა კარი ლამპარდმა 211-ჯერ აიღო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ფრენკი აღიარებს, რომ ძალიან უკმაყოფილოა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის თამაშით:

“ეს არ მომწონდა და ვფიქრობ, არის ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე მეტად ვნანობ. სიამოვნება მივიღე 2004 წლის ევროპის ჩემპიონატით. ის კარგი იყო პირადად ჩემთვის და ასევე, კარგი გამოდგა მთელი გუნდისთვის,“ – განაცხადა ლამპარდმა FWA-ის ღონისძიებისას.

ფრენკმა აღნიშნულ ევროპირველობაზე გოლის გატანა სამჯერ მოახერხა და საბოლოოდ, დაიმსახურა ადგილი ტურნირის სიმბოლურ გუნდში. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, “სამი ლომი“ მეოთხედფინალში გავიდა.

თუმცა ნახევარმცველმა ამგვარი სიამოვნება სხვა მთავარი საერთაშორისო ტურნირებით ვერ მიიღო:

“იმდენად ფოკუსირებული და მონდომებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ასე კარგად ვერ ვთამაშობდი, იმედები ძალიან გამიცრუვდა. საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, ვერ ვთამაშობდი ისე, როგორც უნდა მეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე.

არავინაა ამისგან დაზღვეული. გულახდილად რომ ვთქვათ, ყველას ყელში გვქონდა ამოსული. ინგლისის ნაკრების თითოეული წევრი, მაშინ, ამას იტყოდა.

ამიტომაც, შეწუხებული ვიყავი, როცა ისლანდიის წინააღმდეგ (ევრო 2016) ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ამას თვალს ადევნებდნენ, ეს კოშმარი იყო.

მოთამაშეები დიდი ბიჭებიც უნდა იყვნენ, რადგან სხვას არ უნდა დაანახონ ცრემლები მაშინ, როცა საკუთარი ქვეყნისთვის თამაშობენ. ეს ასევე ეხება იტალიის, ესპანეთის, გერმანიის ან ნებისმიერი სხვა გუნდის ფეხბურთელებს. მაშინ, ჩვენ ნამდვილად ვერ მოვახდინეთ კარგი შთაბეჭდილება და ახლა, ეს სათქმელად ადვილია.“

სანამ 2015-ში ლამპარდი “ნიუ იორკ სიტის“ ოფიციალურად შეუერთდებოდა, მან იჯარით ერთი სეზონი “მანჩესტერ სიტიში“ გაატარა. პროფესიონალური კარიერა, როგორც ფეხბურთელმა, მან 2017 წლის თებერვალში დაასრულა.

ჩემპიონშიფში მოასპარეზე “დერბი“ ლამპარდის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 18 ივნისს, ტუნისთან თამაშით დაიწყებს, შემდეგ კი პანამასა და ბელგიას გაეჯიბრება.

adjarasport