საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთი?

372

უკვე რამდენი წელია, გულშემატკივრებში კამათია – საკლუბო ფეხბურთი ჯობია თუ სანაკრებო? პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ორივეს თავისი დატვირთვა, ეშხი, სილამაზე, რომანტიკა, დაძაბულობა აქვს და გემოვნების ამბავია, ვის რომელი მოსწონს.

მიუხედავად ამისა, ვეცადოთ და ობიექტურად დავადგინოთ რომელია უკეთესი.

მსოფლიო ჩემპიონატის უდიდესი ხიბლი ისაა, რომ 4 წელიწადში ერთხელაა და აქ პატრიოტული სულისკვეთება უდიდესია; მოთამაშეები არა უცხოური კლუბებისთვის, არამედ თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი ეროვნული გუნდისთვის დებენ სულსა და გულს.

ჩემპიონთა ლიგა ყოველ წელსაა და რასაკვირველია, უდიდესი სანახაობაა, მაგრამ მონატრების მომენტი არ გაქვს… ან თუ გაქვს, ეს მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება. მუნდიალს მთელი 4 წლის განმავლობაში ელოდები.

მუნდიალზე საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის უდიდესი ოცნებაა. სწორედ აქ იღვიძებს ყველაზე მეტად პატრიოტობა, ქვეყნის კულტურა, გენი. გარდა ამისა, ფეხბურთელის შეფასების ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი სანაკრებო კარიერა და კერძოდ, მსოფლიო ჩემპიონატია ხოლმე. მაგალითისთვის მიროსლავ კლოზე ავიღოთ, რომელსაც საკლუბო კარიერა ისე არ წაუვიდა როგორც სურდა ან უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთში უდიდესი სიტყვა აქვს ნათქვამი – ბოლოს და ბოლოს კაცი მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ექიმებს დამღლელი, დაძაბული, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ძალზე დატვირთული სეზონის შემდეგ სანაკრებო შეკრებაზე ჩასული ფეხბურთელებისგან ფაქტობრივად ახალი მოთამაშეების შექმნა უწევთ, რადგან ამ დროს სპორტსმენი გამოფიტულია, მას კი სწრაფ დროში სჭირდება ძალების აღდგენა და ახალი ენერგიით ავსება.

დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიო თასი ყველაზე მეტად ალბათ მაინც ლეო მესის აკლია და არგენტინაში აბსოლუტურად სწორად აზროვნებენ, როცა დიეგო მარადონას ბევრად წინ აყენებენ – ადამიანს, რომელმაც თავისი გენიალური მოქმედებებითა და ქარიზმით ქვეყანას ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა. ისე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს: მესის რომ კრიშტიანუ რონალდუს თვისებები ჰქონდეს, შესაძლოა, სულ სხვა სურათი გვქონოდა.

ასე რომ, საკლუბო ფეხბურთი მაგარია, მაგრამ როცა მატჩამდე შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით გამოდიხარ და ჰიმნის შესასრულებლად ემზადები, სულ სხვა სიმაღლეა, ამის ნათელი მაგალითი კი იტალიის ნაკრებია, რომელიც, რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, წლევანდელ მუნდიალს ჯერ მარტო ჰიმნის საოცრად ემოციურად შესრულების გამო დააკლდება!

ჰოლანდიაც აკლია, თავისი რობენით.

კითხვაზე, საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთი, ჩემი მხრიდან პასუხი გაცემულია.