ტედ მაკფადენი: “მეგობრებს ქართველებზე, ქვეყანაზე ვესაუბრე და მითხრეს…”

705

საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი ინტერვიუში ამბობს, თუ რატომ აირჩია საქართველო.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– აგენტი დამიკავშირდა და მითხრა – საქართველოს ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხარო. პასუხი დაუფიქრებლად არ მიმიცია. კარგად გამოვიკვლიე, სად მომიწევდა თამაში, რა დონის გუნდია საქართველოს ნაკრები, ვინ თამაშობენ და… აგენტს დავურეკე – ჰეი, ეს მშვენიერი შანსია, კარგი გუნდია, ძლიერი კალათბურთელები, ევროპაში კარგად ცნობილი მწვრთნელით – ილიას ზუროსით.

– მწვრთნელთან პირველ საუბარს როგორ გაიხსენებ?
– მითხრა, რომ კარგად იცის ჩემი სათამაშო სტილი, რა დონის კალათბურთელი ვარ და რომ სჯერა – საქართველოს ნაკრების დახმარება შემიძლია. ასეთი საუბრის შემდეგ კალათბურთელსაც ემატება თვითრწმენა. ბოლოს მითხრა – იყავი ის, ვინც ხარო.

– საქართველოზე აქ ჩამოსვლამდე რა იცოდი?
– მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტიდან ვარ. ჩემი მეგობრებისგან მქონდა მოსმენილი საქართველოს შესახებ. ორი ამ სეზონში სწორედ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა, ერთი წინა სეზონში და ჩემპიონიც გახდა – დეონტა ვონი. 2017-18 წლებში კი საქართველოში დეანდრე პარკსი და ჯონათან ლი გამოდიოდნენ. ისინი ჩემი ახლო მეგობრები არიან, დეონტა ვონთან ერთად პატარაობაში ვთამაშობდი.

– რა გითხრეს საქართველოზე?
– ეროვნულ ნაკრებზე ბევრი არ მილაპარაკია, ვესაუბრე ქართველებზე, ქვეყანაზე, როგორია აქ ცხოვრება. მითხრეს – მშვენიერი ქვეყანაა და არანაირი პრობლემა არ გექნებაო.