პირველი ტაიმი მოვიგეთ მეორეში კი მშრალზე დავრჩით

463

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასზე ასპარეზობა დაასრულა. ”ბორჯღალოსნებმა”, ტონგასთან გამარჯვების შემდეგ, მეორე შეხვედრა მასპინძელ ფიჯისთან გამართეს, რომელსაც პირველი შეხვედრა სამოასთან მოგებული ჰქონდა.

საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო და მე-9 წუთზე მეტოქის დაჯარიმებაც შეძლო. სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ფიჯელებმა ხუთ წუთში ლელოს დადება მოახერხეს, მასპინძლები შერკინებაში კარგად მიაწვნენ მეტოქეს, ბურთი მათ ცხრა ნომერს სენილოლის ჩაუვარდა და ფიჯი დააწინაურა. სენილოლმა საქართველოს სამ წუთში მეორე ლელო დაუდო. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს.

ფიჯელთა ორი ლელოს შემდეგ, მათიაშვილს შეეძლო ჯარიმის გატანა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. საქართველომ პირველი ლელო 23-ე წუთზე დადო – ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში კარგად გადაიტანა, სტუმრებმა ხუთმეტრიანი დერეფანი მარტივად მოიგეს და შერკინებაში მეტოქეს აჯობეს – ლელო ვიტო კოლელიშვილმა დადო. მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საქართველომ პირველი ტაიმის მოგება მოახერხა, ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ შეუტია და სანდრო თოდუას ლამაზი გადაცემაც გაუკეთა, თოდუამ ლელო დადო და პირველი ტაიმიც დასრულდა – 15:10 საქართველოს სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ფიჯელებმა ლელოთი და ზუსტი გარდასახვით შეძლეს დაწინაურება, რასაც ჯარიმა მიუმატეს და ხუთი ქულით დაწინაურდნენ. ფიჯიმ 62-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა და წინ 12 ქულით გაიჭრა. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. ქართველებს შერკინებაში თამაში ძალიან უჭირდათ. ფიჯელებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ლელო დადეს, თუმცა გარდასხვა ისევ ვერ გამოიყენეს. სემი რადრადრამ მატჩის ბოლო ლელო დადო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 37:15.

ფიჯი ზედიზედ მეოთხედ გახდა წყნარი ოკეანის თასის გამარჯვებული.

საქართველომ მეორე ტაიმი 27:0 წააგო.

ფიჯიმ საქართველოსთან 6 ლელოს დადება შეძლო.

საქართველომ წყნარი ოკეანის თასი მე-3 ადგილზე დაასრულა.

წყარო: popsport.com