სანუკვარი ოცნების გზა დებიუტანტებთან იწყება

661

ხვალ საქმეში ,,ალბისელესტე” ერთვება, რომელიც D ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში დებიუტანტ ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. სამპაოლის რჩეულები, რომელსაც საფეხბურთო ექსპერტები არც თუ ისე ძლიერ გუნდად მიიჩნევენ ეცდებიან, რომ ბევრისთვის თანამედროვეობის ნომერ პირველ ფეხბურთელს სანუკვარი ოცნების ახდენაში დაეხმარონ და მსოფლიო თასის დაუფლება თავადაც შეძლონ.საუბარი რა თქმა უნდა ლიონელ მესიზეა.

როგორ შეიძლება დავახასიათოთ არგენტინის ნაკრები?

მეკარე – ეს პოზიცია პრობლემატური გახდა სერხიო რომეროს ტრავმის შემდეგ, რომელიც წინა მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ახლა კი სამპაოლის არჩევანის გაკეთება ვილი კაბალიეროს, ფრანკო არმანის და ნაჰუელ გუზმანის შორის მოუწევს, რაც რა თქმა უნდა გუნდურ პრობლემებს აჩენს.

მცველები – ისე ხშირად საუბრობენ, რომ არგენტინის ნაკრები გაუმართავი გუნდია, მაგრამ მე თუ მკითხავთ აზრს ვიტყვი, რომ ეს ასე სულაც არაა. ვფიქრობ არც არაფრით უკეთესი გუნდი ჰყავდა საბელიას, მაგრამ ოქროს მედლებამდე სულ ცოტა დააკლდათ და ამ არგენტინასაც შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება, თან როდესაც მესი ასეთი მოტივირებული იქნება ყველა თამაშში. რაც შეეხება დაცვის ხაზს აქ შემდეგი ოთხი კაცი გაბრიელ მერკადო – ნიკოლას ოტამენდი – ფედერიკო ფაზიო და მარკოს როხო განიხილებიან. 2014 წლის ნაკრებთან შედარებით ვფიქრობ უკეთესი მდგომარეობაა იმ გუნდიდან ამ შემადგენლობაში მხოლოდ მარკოს როხო იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე პაბლო ზაბალეტას დაახლოებით თავისივე ყაიდის მცველი გაბრიელ მერკადო ჩაანაცვლებს ცენტრალურ ზონას კი ვფიქრობ ფერნანდესი-გარაიზე უკეთესი წყვილი დააკომპლექტებს ოტამენდი-ფაზიოს შემადგენლობით.

ნახევარმცველები – ბანეგა/ბილია/ლო სელსო – აი აქ კი უფრო მეტ პრობლემებს აწყდება სამპაოლი ვიდრე უკანახაზში და ის არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ როდესაც სხვა ფავორიტ ნაკრებებს უფრო მეტად ცნობადი და საიმედო კადრები ჰყავთ ამ პოზიციაზე არგენტინაში სამი საშუალო დონის ნახევარმცველია… ბილია გასულ ზაფხულს ,,მილანში” გადაბარგდა, სადაც არასტაბილურად იასპარეზა, ლო სელსო ახლა იწყებს მისი პოტენციალის დემონსტრირებას, რომელიც მის კლუბში ,,პსჟ”-ში არსებული კონკურენციის ფონზე 20 წლის ახალგაზრდას უჭირს და ბოლოს ამ სამეულიდან ყველაზე კარგი ევერ ბანეგა, რომელიც შეტევაში ნაკრებისთვის დამატებითი ოფცია იქნება. თუმცა არ დავივიწყოთ არც ხავიერ მასკერანო, რომელიც გამოცდილების კუთხით დამატებით დიდი ძალა იქნება ნაკრების ორ პოზიციაზე.

შეტევაზე კი მოკლედ ვიტყვი – ეს არის ყველაზე დიდი იმედი არგენტინის ნაკრების ქომაგებისა გარდა ლეო მესის ამ რგოლში არიან გონსალო იგუაინი, სერხიო აგუერო, პაულო დიბალა და ანხელ დი მარია. ძირითად შემადგენლობაში კი მესისთან იგუიანი და დი მარია მოიაზრებიან.

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის საგზური შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვა, სადაც ლიონელ მესიმ ეკვადორის წინააღმდეგ სამი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ფლეიოფის საშიშროება აარიდა. მუნდიალამდე კი სამი საკონტროლო შეხვედრა გამართა, სადაც იტალია 2-0 დაამარცხა, ესპანეთთან 6-1 განადგურდა, ხოლო ბოლოს ,,ბოკას” ლა ბომბონერაზე ჰაიტს 4-0 სძლია.

ლიონელ მესის დებიუტი მსოფლიოზე ზუსტად 12 წლის წინ შედგა, როდესაც სერბეთ-ჩერნოგორიის ნაკრების განადგურებას წერტილი დაუსვა – 6:0

ეს იყო 2006 წლის 16 ივნისს და მას მერე ლეომ მსოფლიო ჩემპიონატებზე კიდევ ოთხჯერ გამოიჩინა თავი.

ისლანდიის ნაკრები სადებიუტო მუნდიალს გამართავს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო სანახავი იქნება მათი გამოსვლა, რადგან ევროპირველობაზე მეოთხედფინალში ითამაშეს და თავი დადებითად დაგვამახსოვრეს. მუნდიალის შესარჩევის ციკლშიც რთული ბარიერები გადალახეს, როდესაც ხორვატიას, უკრაინას და თურქეთს აჯობეს.