ჰალდორსონმა მესი ანტიგმირის როლზე დაამტკიცა

517

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტური არგენტინის ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. მოსკოვში, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სკანდინავიელთა კარში მეორე გოლიც უნდა გასულიყო, თუმცა ლეოს მესის მიმართულება მეტოქის მეკარემ გამოუცნო დარტყმული ბურთიც წარმატებით მოიგერია.

ისლანდიის კარის დარაჯი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჰანეს ტოურ ჰალდოურსონმა გულშემატკივრის ხმების აბოლუტური უმრავლესობა მიიღო და პრიზსაც დამსახურებულად დაეუფლა.

ყინულოვანი ქვეყნის 34 წლის მეკარე ფეხბურთს დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა. ჰანეს ჰალდოურსონი სხვადასხვა დონეზე 5 სხვადასხვა კლუბის (Leiknir, Afturelding, Stjarnan, Fram, KR) ღირსებას იცავდა. საქმეს პროფესიულად იგი არ უდგებოდა, იშვიათად ვარჯიშობდა და წვეულებებზეც სხვებზე მეტ დროს ატარებდა. 20 წლის ასაკში ჰალდოურსონი თამაშისთვის თავის დანებებასთან ძალიან ახლოს იყო. 2004 წლის ზაფხულში იგი ისლანდიის მესამე ლიგის კლუბმა დაიწუნა.

ჰალდოურსონმა კარში დგომის პარალელურად თავი კინორეჟისურაში სცადა და პროფესიის შეცვლასთანაც ძალიან ახლოს იყო. ჰანესს ბევრი მუსიკალური ვიდეო აქვს გადაღებული, მიღებული აქვს ჯილდოები რეკლამებსა და სატელევიზიო შოუებზე მუშაობისთვის. ჰანესმა 2012 წელს ისლანდიელების მიერ ევროვიზიაზე გაგზავნილი ვიდეო გადაიღო.

საბოლოოდ ჰალდოურსონმა პროფესიულ სპორტში არჩია დარჩენა, მან კონტრაქტი ჯერ ისლანდიის უმაღლესი დივიზიონის კლუბთან გააფორმა, შემდეგ კი თავი დანიის, ჰოლანდიისა და ნორვეგიის ტოპ დივიზიონებშიც გამოსცადა. ახლა იგი დანიური რანდერსის ღირსებას საბა ლობჟანიძესთან ერთად იცავს.

პირველი სანაკრებო მატჩი ჰანესმა 2011 წელს, 27 წლის ასაკში ჩაატარა. ჰალდოურსონი იყო ისლანდიელთა ძირითადი მეკარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ იგი იდგა ისლანდიელთა კარში ფინალური ეტაპის პირველ თამაშში პორტუგალიასთან.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჰალდოურსონი მაღალი ალბათობით კინორეჟისორის კარიერას გააგრძელებებს. თავისი ბოლო დამსაქმებლებისგან, SagaFilm-ის დირექტორატისგან, მან სურვილის შემთხვევაში საკუთარ პოზიციაზე დაბრუნების პირობა მიიღო.

წყარო: popsport.com