ბექჰემმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები დაასახელა

711

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს სჯერა რომ ფინალში „სამი ლომი“ არგენტინას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გარეტ საუთგეიტის გუნდმა ტუნისს  ბოლო წამებზე ჰარი კეინის გატანილი გოლით სძლია, ხოლო ლიონელ მესიმ და კომპანიამ ისლანდიასთან 1-1 ითამაშა.

ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე დევიდმა განაცხადა: „მჯერა, რომ ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ არგენტინა და ინგლისი იასპარეზებენ. რა თქმა უნდა მე „სამი ლომის“ ჩემპიონობისკენ ვიხრები, მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ საკითხში ობიექტური ნამდვილად არ ვარ”.

ბექჰემს „ალბისელესტესთან“ ორი მოგონება აკავშირებს, პირველი 1998 წელს სიმეონეს წინააღმდეგ უხეშობისთვის მიღებული წითელი ბარათი და მეორე, 2002 წელს გატანილი თერთმეტმეტრიანი, რომლის წყალობითაც „სამმა ლომმა“ ჯგუფური ეტაპი დაძლია.

ბექჰემი “სამი ლომის” მუნდიალზე გამოსვლასაც შეეხო და განაცხადა:“ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშის მოგებამ ძალიან გამახარა. ინგლისი ახალგაზრდა ნაკრებია, მას გამოცდილება აკლია და გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირის გადამწყვეტ ეტაპებზე სუსტი ნაკრებები ვერ გადიან, “სამ ლომს” მუნდიალზე თამაში უფრო და უფრო გაუჭირდება.

საუთგეიტის გუნდი კვირას პანამას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემდეგ შემდეგი ეტაპის საგზურს გაიფორმებს, რაც შეეხება არგენტინას, „ალბისელესტე“ დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება.