ბლატერის თავხედური განცხადება

647

ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ ის ჯერ კიდევ ფიფას პრეზიდენტია. “დიახ, მე ისევ პრეზიდენტი ვარ – ოღონდ, დისკვალიფიცირებული პრეზიდენტი,” – განაცხადა 82 წლის ბლატერმა სამშაბათს, რუსულ ტელეკომპანია RT-ს პირდაპირ ეთერში და გადაცემის შემდეგ, პორტუგალიისა და მაროკოს მატჩს დაესწრო, რომელიც პორტუგალიელებმა კრიშტიანო რონალდოს გოლით 1:0 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას ეთიკის კომისიამ შვეიცარიელი 2015 წელს ფეხბურთიდან მოკვეთა, 2016 წლის თებრვალში კი, ფიფას პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო აირჩიეს.

ბლატერი მუნდიალზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით იმყოფება. ზეპი რუსეთის პრეზიდენტს ოთხშაბათს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა და მაშინ ფიფას პრეზიდენტი სწორედ ბლატერი გახლდათ.

“რამდენი წელი გავიდა… სამშაბათს, როცა რუსეთში ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ ეს ჩემი მუნდიალია. მიხარია, რომ აქ ვარ,” – აღნიშნა ბლატერმა თამამად. მას აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ 2019 წლამდე ფიფას არჩეული პრეზიდენტია…

 წყარო: popsport.com