გავიცნოთ ,,დინამოს” მეტოქე

465

თბილისის “დინამოს” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზ სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მესამე ადგილოსანი “დუნაისკა სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში 12 ივლისს შედგება, საპასუხო შეხვედრას “დინამო არენა” 19 ივლისს უმასპინძლებს.

“დუნაისკა სტრედა” სლოვაკეთის ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, 2017-2018 წლების სეზონში ფორტუნა ლიგაში რეგულარულ სეზონშიც და ჩემპიონთა რაუნდშიც მესამე ადგილი მოიპოვა.

კლუბი 1904 წელს დაარსდა და 114 წლიანი ისტორია აქვს. თუმცა კლუბის ისტორია ნაკლებად წარმატებულია, ბოლოს “დუნაისკა” სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში საპრიზო ადგილზე 1995 წელს გავიდა – მესამე ადგილი.

გუნდი ამ ეტაპზე მწვრთნელის გარეშე იმყოფება, რადგან იტალიელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

სად თამაშობს “დუნაისკა სტრედა”?
ამავე სახელწოდების ქალაქ დუნაისკა სტრედაში 22 000 ადამიანი ცხოვრობს, კლუბი “მოლ არენაზე” თამაშობს სადაც 10 000-მდე ადამიანი ეტევა. სტადიონს აქვს უეფას ლიცენზია.

რას წარმოადგენს დღევანდელი “დუნაისკა სტრედა”?
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება “ტრანსფერმარკეტზე” დღევანდელი მდგომარეობით 5.48 მილიონია, რაც შეეხება “დინამოს” მისი ფასი 5.15 მილიონი ევროა. გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია, თუმცა უნდა ითქვას რომ ის “ლაიპციგიდან” არის იჯარით და “ტრანსფერმარკეტის” ინფორმაციით 30 ივნისს უნდა დატოვოს კლუბი.

კლუბის ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

“დუნაისკა სტრედას” კარგი დაცვა ჰყავს, მაგალითად პანამელი ერიკ დავისი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. აგრეთვე მასთან ერთად დაცვის ჯაჭვს სლოვაკი, სერბი და ხორვატი ფეხბურთელები კრავენ.

სლოვაკური გუნდის კარის დარაჯი ჩეხი პატრიკ მაცეია, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ის წინა სეზონის მიხედვით საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებდა, რაც არც თუ ისე კარგი შედეგია.

ნახევარდაცვაში და შეტევაში “დუნაისკას” ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ. მაგალითად: თომას ჰუკი-სლოვაკეთის ნაკრები, სიმონ პამბუ – კონგოს ნაკრები და ა.შ.

საერთო ჯამში მეტოქე არ წარმოადგენს დაუძლეველ ბარიერს, თუმცა დღევანდელ “დინამოს” მათ წინააღმდეგ გაძლიერება აუცილებლად მართებთ, თორემ შედეგი მთლად დამაკმაყოფილებელი შეიძლება ვერ იყოს.

წყარო: sportall.ge