“მესი ცუდადაა ხოლმე და ტირის!” – ლეოს დედამ გულახდილად ისაუბრა

464

ლიონელ მესისგან მთელი მსოფლიო სასწაულებს ელოდება. რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია, მოიგოს მუნდიალი. მესი ეპოქალური ფეხბურთელია, ბევრი მას ყველა დროის საუკეთესოდაც კი მიიჩნევს, სამშობლოში აღმერთებენ და მასზე ისევ უდიდეს იმედებს ამყარებენ. მუნდიალის პირველი მატჩის შემდეგ მესი ცუდ ხასიათზეა – ისლანდიასთან გაფუჭებულმა პენალტმა ლეო უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცია.

როგორ უძლებს “ალბისელესტეს” კაპიტანი ამხელა ზეწოლას? ამის შესახებ ლეოს დედამ, სელია კუჩიტინიმ ისაუბრა.

“ლეოს მიზანია, მსოფლიო თასი არგენტინაში ჩამოიტანოს. მხოლოდ ამაზე ფიქრობს და მხოლოდ ამაზე ოცნებობს. წინა მუნდიალზეც ძალიან ნერვიულობდა, ახლა კი უფრო მძიმე წნეხის ქვეშაა, რადგან ეს მუნდიალი მისთვის ბოლო შანსია. ოჯახის წევრები ვხედავთ, როგორ წუხს და ხანდახან ტირის ხოლმე,” – განაცხადა მესის დედამ El Trece-სთან ინტერვიუში.

როცა არგენტინის ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს, პირველ რიგში ყველა მესის აკრიტიკებს ხოლმე. არადა, ლეო საკლუბო დონეზე წარმატებულია – ყველაფერი მოგებული აქვს. არგენტინის ნაკრების წარუმატებლობა კი თითქმის ყოველთვის მას ბრალდება, რადგან მესის მოედანზე სასწაულების კეთება შეუძლია, რასაც არგენტინის ნაკრებში ძალიან იშვიათად ახერხებს.

ისლანდიასთან მატჩის შემდეგ მესი ისევ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა – “ალბისელესტემ” ვერ მოიგო (1:1), ლეომ კი პენალტი ვერ გაიტანა! “თავს ისე ვგრძნობ, როგორც მკვდარი!” – უთქვამს მესის მატჩის შემდეგ ოჯახის წევრებისთვის.

მე მისი დედა ვარ და ვიცი, როგორ განიცდის, როგორ უნდა, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს…

“როცა ლეოს აკრიტიკებენ, ამას მთელი ოჯახი განვიცდით. როცა ხალხი ამბობს, რომ მესი არგენტინის ნაკრებში მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს, ამის გამო გული ძალიან მტკივა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ოდნავადაც არ არის მართალი. მე მისი დედა ვარ და ვიცი, როგორ განიცდის, როგორ უნდა, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს,” – დასძინა მესის დედამ.