მუნდიალზე კოღოების აუტანელი ნაკრებიც მონაწილეობს

353

ამ ტექსტს წვალებით, უდიდესი სტრესის ქვეშ ვწერ.

იმ დროს, როცა… ფფფ… ვცდილობ, კლავიატურაზე სწორი ასოები ავკრიფო… ფფფ… პატარა, ამაზრზენი არსებები თვალებში, ცხვირში, ყურებში მიძვრებიან და რაც არ უნდა მოხდეს, პირის გაღებას არ ვაპირებ… ფფფ… შეუძლებელია სტატიის წერა იმ დროს, როცა ერთი ხელით… ფფფ… სულ ეს წყლეული კოღოები უნდა იგერიო… ფფფ… კლავიატურაზეც სხედან! არა, წერა უნდა შევწყვიყო.

სასტუმროს ნომრიდან ვაგრძელებ. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ვოლგოგრადში კოღოების შემოსევაა. ყველგან არიან და, რა თქმა უნდა, არავის ინდობენ.

ალბათ ტელევიზორშიც ნახეთ: ინგლისისა და ტუნისის ნაკრები გუნდების მატჩის წინ, ფეხბურთელები ხელებს გიჟებივით იქნევდნენ და სპეციალურ სპრეის ისხამდნენ.

გავარკვიე: ეს საზარელი არსებები ტენდიპედიასებრთა ოჯახის წარმომადგენლები ყოფილან (ლათინურად: Chironomidae). ორფრთიანი მწერები არიან. მათი სხეულის სიგრძე 1,5-15 მილიმეტრს აღწევს. აქვთ გრძელი ფეხები, ფრთისებრი ულვაშები. ოჯახში 2000-ზე მეტი სახეობაა. ვოლგოგრადში საშუალოდ 5-მილიმეტრიანები “დაძრწიან”. დიდად არ იკბინებიან, მაგრამ ნერვებს დაგაწყვიტავენ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი არიან!

ვოლგოგრადში, სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან არიან. აქაური კოღოები და ქინქლები გუშინ ინგლისის და ტუნისის ნაკრების ფეხბურთელებმაც გაიცნეს. ჰარი კეინმა თქვა, გაფრთხილებულები ვიყავით, მაგრამ რეალობა გაცილებით რთული აღმოჩნდაო. “სპრეი ყველამ დავისხით, მაგრამ მწერები მაინც თვალებში და პირში გვიფრინდებოდნენ. ეს საშინელება იყო!” – განაცხადა დუბლის ავტორმა.

ვოლგოგრადში კვირას ჩამოვედი და ძალიან მიხაროდა – 28 გრადუსი, მსოფლიოს ჩემპიონატის განწყობა, ლუდი, ფეხბურთი… მიკვირდა, ასეთ კარგ ამინდში ყველა შენობებში რატომ იყო ჩაკეტილი. რატომ არავინ დასეირნობდა ვოლგის სანაპიროზე? როცა ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და გარეთ ჩამოვჯექი, მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

მიმტანმა იულიამ მითხრა, ამ დროს აქ სულ ასეა ხოლმე – ზაფხულია და იმიტომო…

პარასკევს ვოლგოგრადში მომდევნო მატჩი უნდა გაიმართოს. ნიგერია ისლანდიას ეთამაშება. მანამდე სასტუმროდან ვეღარავინ გამომიყვანს. სასტუმროს ნომერში სასიამოვნოდ გრილა, ხედი მშვენიერი მაქვს. ერთი წამით, ბზუილის ხმა მესმის… ფფფ…

კაი ფელდჰაუსი, BILD.DE

წყარო: popsport.com