ფერნანდუ სანტუში: “რონალდუ პორტვეინივითაა“

287

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში პორტუგალიამ რონალდუს გოლით მაროკოს მინიმალურად, 1:0 მოუგო.

პორტუგალიელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა გუნდის კაპიტანი და მთავარი იმედი კრიშტიანუ რონალდუ პორტვეინს შეადარა, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ამის შესახებ სპეციალისტი ჟურნალისტებს ესაუბრა.

რონალდუსთვის ეს გოლი ეროვნული გუნდის მაისურით 85-ე გამოდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ევროპული ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ დრომდე, რეკორდული მაჩვენებელი (84 გოლი) ცნობილ უნგრელ ექსმოთამაშეს, ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა.

“რონალდუ პორტვეინივითაა. ასაკის მატებასთან ერთად, იგი უმჯობესდება. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, ის მუდმივად ვითარდება. კრიშტიანუ იცნობს საკუთარ თავს და მან იცის, რას შეუძლია მიაღწიოს. დღეს ის არ გააკეთებს იმას, რასაც 4-5 წლის წინ აკეთებდა, სამი წლის შემდეგ კი კვლავ სხვაგვარად ითამაშებს. მთელი გუნდისთვის რონალდუ უპირატესობაა,“ – განაცხადა სანტუშმა.

ამ მომენტისთვის, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატის საბომბარდირო ბრძოლას ერთპიროვნულად ლიდერობს. ორ მატჩში მან ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

მომდევნო მატჩს პორტუგალიელები 25 ივნისს, ირანის წინააღმდეგ გამართავენ.

adjarasport