ლუკაკუმ მძიმე ბავშვობა გაიხსენა

341

პანამასთან მოგებულ მატჩში (3:0), ბელგიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გახლდათ, რომელმა დუბლი შეასრულა და “წითელი ეშმაკების” გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მანჩესტერ იუნაიტედში ლუკაკუს Belgian Scoring Genius-ს უწოდებენ (გენიალური ბელგიელი გოლეადორი). მისი ფასი დაახლოებით 90 მილიონი ევროა.

მაგრამ ლუკაკუ, რომელიც ახლა 25 წლისაა, ყოველთვის მდიდარი არ ყოფილა. თავდამსხმელმა, რომელიც 2017 წელს იუნაიტედმა 84 მილიონ ევროდ შეიძინა, სიღარიბეში გატარებული ბავშვობა გაიხსენა.

იმ დღეს უარესი მოხდა: დედამ რძის ჭიქაში წყალი დამისხა. ანუ, რძის ფულიც კი აღარ გვქონდა!

“დღემდე ზუსტად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ოჯახში გავიგეთ, რომ ფული საერთოდ აღარ გვქონდა. ახლაც თვალწინ მიდგას ის სცენა: დედა მაცივართან იდგა, სევდიანი თვალები ჰქონდა. იმ დროს 6 წლის ვიყავი. აბსოლტურად ჩვეულებრივი ამბავი იყო ის, რომ სადილად ყოველდღე პური და რძე გვქონდა, მაგრამ იმ დღეს უარესი მოხდა. დედამ რძის ჭიქაში წყალი დამისხა. ანუ, რძის ფულიც კი აღარ გვქონდა. უბრალოდ ღარიბები კი არ ვიყავით, საერთოდ აღარაფრის ყიდვა აღარ შეგვეძლო,” – განაცხადა ლუკაკუმ The Player’s Tribune-თან ინტერვიუში.

ლუკაკუ იხსენებს, რომ იმ დღის შემდეგ მისი ოჯახი დიდხანს ურთულეს მდგომარეობაში იყო. ჯერ საკაბელო ტელევიზია გაუთიშეს, მერე ელექტროენერგია… იძულებული იყო, ცივი წყლით დაებანა! მაგრამ ლუკაკუ ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო მშობლებთან არასდროს უწუწუნია. მამა როჯერი და დედა ადოლფინე კონგოდან არიან. თავის დროზე როჯერიც ფეხბურთელი იყო.

“ერთ დღესაც მამას ვკითხე, ფეხბურთელებს ფულს რომელი ასაკიდან უხდიან-მეთქი. მან მითხრა, რომ ფეხბურთელებს ხელფასებს 16 წლიდან აძლევდნენ. მიზნად დავისახე, ბელგიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. უდიდესი მონდომებით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი, რადგან ვიცოდი, რომ სახლში ვირთხები გვყავდა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის თვალის დევნება მხოლოდ იმიტომ არ შემეძლო, რომ ფული არ გვქონდა. ძალიან მოტივირებული ვიყავი იმის გამოც, რომ სხვა ბავშვების მშობლები უცნაურად მიყურებდნენ,” – იხსენებს ლუკაკუ.

12 წლის ასაკში ლუკაკუმ 34 მატჩში 76 გოლი გაიტანა!

“იმ დაუვიწყარ სეზონში ყველა გოლი მამაჩების ნაქონი ბუცებით გავიტანე!” – ამბობს ლუკაკუ, რომელმაც ოცნება 16 წლის ასაკში აისრულა – ის ანდერლეხტის ფეხბურთელი გახდა.

“10 წელი ვერ ვუყურე ჩემპიონთა ლიგას, რადგან საკაბელო ტელევიზიის ფული არ გვქონდა. 14 წლის შემდეგ პირველად ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახლა კი ეს ჩემი მეორე მუნდიალია,” – რომელუ ლუკაკუმ პანამასთან დუბლი შეასრულა. შაბათს ბელგიის ნაკრები ტუნისს ეთამაშება…

წყარო: popsport.com