რაში ხარჯავს დროს ნეიმარი?

409

ბრაზილია-შვეიცარიის მატჩის შემდეგ, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ნეიმარს აკრიტიკებდნენ როგორც ცუდი თამაშის, ისე ახალი ვარცხნილობის გამო.

ნეიმარის ახალ ვარცხნილობას ბევრი ცნობილი პერსონა გამოეხმაურა, მათ შორის ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ერიკ კანტონა, რომელმაც თავზე სპაკეტი დაიყარა…

როგორც ჩანს, ასეთმა აჟიოტაჟმა ნეიმარი შეაშფოთა და კოსტა რიკასთან მატჩის წინა ვარჯიშზე ფეხბურთელი ახალი ვარცხნილობით გამოცხადდა. ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა თმა შეიმოკლა და მუნდიალის მეორე პაექრობას სპაკეტი-სტილის ახალი ვერსიით შეხვდა.

როგორც ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ნეიმარს რუსეთში ორი სტილისტი ჰყავს ჩაყვანილი: ნარიკო, რომელიც ვარცხნილობაზე ზრუნავს და ვაგნერ ტენერიო, რომელიც თმის შეფერილობაზე ზრუნავს.

ნარიკო ბრაზილიაში ცნობილი სტილისტია. პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სელესაოს ერთ-ერთ გულშემატკივარს ორიგინალური ვარცხნილობა გაუკეთა და თავზე ნეიმარის პორტრეტი დაახატა.

ნარიკო ნეიმარის სტილისტი მას შემდეგ გახდა, რაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში გადავიდა. ნეიმარმა სტილისტი პარიზშიც წაიყვანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მის გარეშე არც რუსეთში ჩავიდა.

ნარიკოს თავისი სალონი აქვს როგორც ბრაზილიაში, ისე პარიზში. ნეიმართან მუშაობამ მას სახელი კიდევ უფრო გაუთქვა და უკვე არაერთ ფეხბურთელს ემსახურება, მათ შორის კი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს: კოუტინიოს და გაბრიელ ჟესუსს.

ვაგნერ ტენერიო კატალონიელი სტილისტია და შეფერილობის გარდა, თმის ხარისხზეც ზრუნავს. ვაგნერი არაერთი ფეხბურთელის პირადი სტილისტია, ნეიმარს კი მისი მომსახურება რაფინიამ და დანი ალვეშმა ურჩიეს.

ნეიმარს ვაგნერ ტენერიოს მომსახურება ყოველ თვე 2 000 ევრო უჯდება. უცნობია რამდენს უხდის ბრაზილიელი ვარსკვლავი რანიკოს, თუმცა მთავარი აქ არა ფული, არამედ დროა – ნეიმარი ძალიან დიდ დროს ატარებს სალონებში; მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები მისგან არა ახალ ვარცხნილობებს, არამედ გოლებს ელოდებიან.

წყარო: popsport.com