კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი რინგს უბრუნდება. ეს ტოკიოში, თებერვალში მოხდება ტურნირზე, რომელსაც „მეგა 2021“ ეწოდება. მისი ორგანიზატორები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელი სახეობის წესებით ჩატარდება ბრძოლა და ვინ იქნება როჭოს წონის (67 კგ) უძლეველი ჩემპიონის მეტოქე.
„მეგა 2021-ს“ ტოკიო დოუმი, 28 თებერვალს უმასპინძლებს. როგორც შოუს ორგანიზატორები ამბობენ, მასზე „ჩემპიონის კლასის“ მებრძოლები გამოვლენ. მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ერთის – მეივეზერის ვინაობა დასახელდა.
ტოკიოში რომ ბრძოლას აპირებდა, ამის შესახებ მეივეზერმა ინსტაგრამზე, ერთი კვირით ადრე დაწერა: „ტოკიო, იაპონია, მე ვბრუნდები 2021 წელს. ვიცი, რომ იაპონიაში 2021 წელს ოლიმპიადა იმართება. მე და ჩემი გუნდი ტოკიო დოუმზე რაღაც განსხვავებულს ვაპირებთ. მე ჩემი გზა მაქვს“.
მეივეზერმა (50-27-0), ვინც ახლა 43 წლისაა, კარიერა სამი წლის წინათ დაასრულა. თუმცა წელს განაცხადა, რომ 2020 წელს დაბრუნდებოდა. მაგრამ მისი გეგმები კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა. სპორტიდან წასვლის მიუხედავად, 2018 წლის დეკემბერში მან საჩვენებელი ბრძოლა (ფოტოზე) გამართა MMA-ს იაპონელ ვარსკვლავ ტენშინ ნასუკავასთან, ვინც მასზე ორჯერ უმცროსია. ამერიკელმა მეტოქე პირველივე რაუნდში სამჯერ დასცა, რამაც ნასუკავას მწვრთნელი იძულებული გახადა, ბრძოლის შეწყვეტა მოეთხოვა.
მოგვიანებით მეივეზერმა გამოაცხადა, რომ ორწუთიან ბრძოლაში 9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეივეზერი 2017 წელს შერეული სტილის მებრძოლ კონორ მაკგრეგორსაც შეხვდა და ის მე-10 რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.
მეივეზერს 2015 წელს დამარცხებული ჰყავს კრივის ფილიპინელი მეგა ვარსკვლავი მანი პაკიაო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ „საუკუნის ბრძოლაში“, რომელიც კრივის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბრძოლაა (600 მილიონი დოლარის შემოსავლით) ამერიკელმა 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.