ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ცურვაში, ბრიტანელმა ადამ პიტიმ, ბუდაპეშტში გამართულ ცურვის საერთაშორისო ლიგის შეჯიბრზე, მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა.
პიტიმ 100 მეტრი ბრასის სტილით 55.41 წამში გაცურა და მოკლე აუზში მსოფლიოს რეკორდი, რომელიც ერთი კვირის წინ დაამყარა, 0.08 წამით გააუმჯობესა. მას ამჯერადაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბელარუსმა ილია შიმანოვიჩმა. გაცურვისას ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ბოლო რამდენიმე მოსმაზე, ბრიტანელმა დაწინაურება შეძლო და ფინიშის კედელსაც პირველი შეეხო. შიმანოვიჩი მას 0.08 წამით ჩამორჩა, რითაც პიტის წინა რეკორდი გაიმეორა.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველი გაცურვა მსოფლიო ჩემპიონატის, ან ოლიმპიადის ფინალია. უბრალოდ, ეს რეკორდები საოცრებაა“, – განაცხადა პიტის გუნდ „ლონდონ როარის“ გენერალურმა მენეჯერმა რობ ვუდჰაუსმა.
პიტის გარდა, ბუდაპეშტის მოკლე აუზში, ამერიკელმა ქალებ დრესელმაც კიდევ ერთხელ ისახელა თავი. ამჯერად მან 100 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში, ის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა. დისტანცია მან 49.28 წამში გაცურა და ძველ რეკორდს 0.6 წამი მოაკლო.