სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ ფინეთის სამთო კურორტ ლევიში, სლალომის ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო. ამჯერად მას უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა შვეიცარიელ მიშელ გისენთან, ვისაც ორი ცდის ჯამში, ნახევარი წამით აჯობა. ამერიკელი მიკაელა შიფრინი კი ამჯერად მეხუთე შედეგს დასჯერდა.
ვლჰოვამ წინ დღესაც მსოფლიო თასის სლალომის პირველი ეტაპი მოიგო და ამჯერადაც ყველაზე სწრაფი და სტაბილური იყო. მას და გისენს პირველ ცდაზე ერთნაირი შედეგები (54.32 წამი) ჰქონდათ. მეორეზე კი სლოვაკმა ფინიშის ხაზი 0.31 წამით ადრე გადაკვეთა და ორი ცდის ჯამში, გამრჯვებულიც ის გახდა.
ამგვარად, ამ სეზნში მან ორიდან ორი რბოლა მოიგო. ისე კი მსოფლიო თასზე, წინა სეზონიდან მოყოლებული, სლალომში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
„რბოლამდ თავს კარგად ვგრძნობდი და ორი შესანიშნავი დაშვება შევასრულე. ხანდახან, როცა ვიგებ, ვიცი, რომ დაშვება უზადო იყო. მაგრამ ამჯერად, მეორე ცდაზე რამდენიმე მცირე შეცდომა დავუშვი. თუმცა მოვიგე. ძალიან მიხარია, რომ რაც შემეძლო, სრულად დავიხარჯე. სხვა თუ არაფერი, ორ დღეში ორი გამარჯვება საოცარია“, – განაცხადა ვლჰოვამ.
შიფრინისთვის ეს თებერვლის შემდეგ მეორე შეჯიბრი იყო. პირველი ცდის შემდეგ მას მეოთხე ადგილი ეკავა. საბოლოოდ კი კვარცხლბეკის მიღმა დარჩა, რაც დაახლოებით სამ წელიწადში პირველად მოხდა.
თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა გისენიც, ვინც კომბინირებულ სახეობაში (დაშვება და სლალომის ორი ცდა) ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიო თასზე ჯერ რბოლაც არ აქვს მოგებული. ლევიში დაკავებული მეორე ადგილი, სლალომში მისთვის საუკეთესო შედეგია.
ქალთა მსოფლიო თასზე მომდევნო ეტაპი, პარალელური სლალომი, ხუთშაბათს ავსტრიაში გაიმართება.