„შემოდგომის ერთა თასზე“ საქმე ისე მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი მატჩით ნაკლები უნდა ეთამაშა. ფიჯის ეროვნულ გუნდში 29 მორაგბეს კორონავირუსი დაუდგინდა და ჯგუფის მატჩები არ გაუმართავს. შედეგად, კუნძულელები ბოლო ადგილზე დარჩებიან, რადგან სამივე მატჩში წაგება ჩაეთვალათ.
თუმცა, ფიჯელები უკვე ვარჯიშობენ და, წინასწარი ინფორმაციით, 5 დეკემბერს მოედანზე გავლენ. ეს კი, საქართველოსთან მოუწევთ, რადგან ჯგუფში „ბორჯღალოსნებიც“ ბოლო ადგილს ვერ ასცდება.
მანამდე საქართველო ირლანდიას შეერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე ჯახი: 1998 და 2002 წლებში მეტოქეს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ვეთამაშეთ და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო – 70:0 და 63:14.
2007 წლის მსოფლიო თასზე, „ბორჯღალოსნებმა“ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. მართალია, 10:14 წავაგეთ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მრისხანე მეტოქე სენსაციურ მარცხს გადაურჩა. ამ თამაშში საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში.
ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.
ლევან მაისაშვილის გუნდი ირლანდიელებთან მატჩს დანაკლისით ხვდება. თითქმის გამორიცხულია კოტე მიქაუტაძის თამაში, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა. თუმცა, სამწვრთნელო შტაბი იმედს იტოვებს, რომ ფიჯელებთან სათამაშოდ მზად იქნება.
რადგან მეოთხე თამაშის ჩატარების პერსპექტივა გამოჩნდა, საქართველოს ნაკრები როტაციას ამჯერადაც მიმართავს. თუ რა შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე მაისაშვილი, ეს ზეგ გვეცოდინება.
თამაში კი, 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე დუბლინში, ცნობილ „ავივა სთედიუმზე“ გაიმართება.