კრივის სტაჟიან ქომაგებს მაიკ ტაისონის და როი ჯონსის რინგზე ხილვის საშუალება კიდევ ერთხელ ექნებათ – ლეგენდარული სპორტსმენები ერთმანეთს საქველმოქმედო რანგის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
მაიკი 54 წლისაა, როი კი 51–ის. ბრძოლის დაანონსების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოებშიც კარგად ჩანს, რომ ორივე მათგანი დიდი მონდომებით ემზადება და კარგ ფორმაშია, მაგრამ რაც მთავარია, ეს ვიდეოკლიპები კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას – კლასი არ იკარგება.
მაიკ ტაისონი 20 წლის და 4 თვის იყო, როცა მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. როი ჯონსმა საჩემპიონო ქამარი 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ტაისონის ანგარიშზე 50 (44 ნოკაუტით) გამარჯვება და 6 მარცხია. რაც შეეხება ჯონსს, 66 მოგება და 9 წაგება. ტაისონმა ბოლო ბრძოლა 2005 წელს კევინ მაკბრაიდთან ჩაატარა და წააგო, ჯონსმა კი 2 წლის წინ იბრძოლა და სკოტ საიმონი დააამარცხა.
ბრძოლაში ორივე დიდ, სასპარინგო ხელთათმანებს მოირგებს. როგორც წესებშია განმარტებული, ნოკაუტი არ იქნება. ნებისმიერი მებრძოლის ჭრილობის შემთხვევაში, მსაჯი ბრძოლას შეწყვეტს. დაგეგმილია 8 ორწუთიანი რაუნდი.