ლეგენდარულმა ინგლისელმა გარი ლინეკერმა BT Sport–ის ეთერში დიეგო არმანდო მარადონა კიდევ ერთხელ გაიხსენა. ლინეკერი 2006 წელს აღფრთოვანებით იხსენებს – პერიოდს, როცა გერმანიის მუნდიალის წინ გარი დიეგოზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა.
ლინეკერმა ისიც გაიხსენა, რომ მას მარადონას გვერდით 45 წუთი აქვს ნათამაშები, როცა მსოფლიოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში პრემიერლიგის ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. ინგლისელმა აღნიშნა, რომ იმ დღეს ასეთი ლეგენდის ნახვით თითოეული მოთამაშე მე–9 ცაზე იყო.
“დიეგო არგენტინაში ნამდვილი მესიაა. მის მიმართ ყოველთვის უდიდესი ყურადღება იყო და ახლა მით უმეტეს. იმ შეხვედრის დაწყებამდე, გასახდელში 5 წუთი გაატარა. საკუთარი მარცხენა წინდა აიღო და კენწვლა–კენწვლით მოედნამდე მივიდა. მოედანზე კი უშუალოდ თამაშისას დაუჯერებელი რაღაცები ვნახე – ის, რასაც მარადონა აკეთებდა.
იგი ბურთით ჟონგლიორობით მოედნის ცენტრამდე მივიდა, შემდეგ ბუმ! დაარტყა მაქსიმალურად მაღლა და ელოდა. ბურთი მშვიდად მიიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი 13–ჯერ გაიმეორა! და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, სულ 3 ნაბიჯი სჭირდებოდა. ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს დაუჯერებელია! მახსოვს, “ბარსელონაში” შემდეგ ვარჯიშზე ყველამ ვცადეთ ამის გამეორება და მაქსიმუმ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ფეხბურთის ასეთი სიყვარული არასდროს და არავისგან მინახავს”.
ლინეკერი სწორედ ერთ–ერთი ის ინგლისელი გახლდათ, ვინც 1986 წლის 22 ივნისს მოედანზე იყო – დღე, როდესაც დიეგო მარადონამ ცნობილი “ღმერთის ხელი” გაიტანა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო გოლი შემოგვთავაზა.
გარი ლინეკერი დღეს 60 წლის გახდა. შეგახსენებთ, რომ დიეგო სწორედ 60 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.