კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური დაიწყო და საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა. არადა, ამ ტურამდე თბილისის დინამო 5 წულით უსწრებდა კონკურენტს – ბათუმის დინამოს და კალენდარიც ისეთი ჰქონდა დარჩენილი, რომ ჩემპიონის ბედი ბევრს გადაწყვეტილი ეგონა.
დღეს ორივე მათგანმა ითამაშა და ეს სხვაობა ორამდე შემცირდა. თავდაპირველად მოედანზე ბათუმის დინამო გავიდა, რომელიც სამტრედიას ესტუმრა. იმერლებმა მალევე მოიპოვეს დიდი უპირატესობა – 25-ე წუთამდე მამუკა კობახიძემ ორი ყვითელის ბარათის მიღება მოასწრო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამას თან ზღვისპირელთა კარში პენალტი მოჰყვა, ლაშა თოთაძემ კი, 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.
სამტრედია ყრუ დაცვაზე არ გადასულა, მეტოქესაც უტევდა და თავსაც კარგად იცავდა. თუმცა, ერთი შეცდომა გაეპარათ და ჯამბულ ჯიღაურმა ანგარიში გაათანაბრა. თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ქულებს დაკარგავდა და თბილისის დინამო ამ ტურშივე გაინაღდებდა ჩემპიონობას. თუმცა, ასე არ ფიქრობდა ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში საჯარიმოში მჭედლიშვილის ჩაწოდებულს დაუხვდა და აჭარული გუნდი შინ სამი წულით გაემგზავრა.
თბილისის დინამომ კონკურენტის ამბავი უკვე იცოდა და წაფორხილებას შესაძლო პრობლემებს გრძნობდა. თუმცა, ძალიან კარგად მოთამაშე საჩხერის ჩიხურასთან ვერაფერი გააწყო, 0:2 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაუტოვა.
დინამოელებს ჯერ კახა კახაბრიშვილმა გაუტანა ეფექტური გოლი, ბოლოს კი ზემო იმერლებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს მეტოქე და არანაკლებ ეფექტური გოლით ლუკა კიკაბიძემ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაწერა – 2:0.
მოკლედ, საჩემპიონო ბრძოლას ისევ ინტრიგა დაუბრუნდა. ასეთივე ინტრიგაა ევროსაგზურისთვის ბრძოლაშიც და პლეი აუტის თავიდან ასაცილებლად.
ტურის დარჩენილი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება.