თავს ნამდვილად ვერ დავდებთ თუ როგორ არის სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში, მაგრამ ფეხბურთში რომ გერმანელებს ნაკრების მწვრთნელის ხშირი ცვლა არ უყვართ ეს იოახიმ ლიოვის შემთხვევაშიც ნათლად დასტურდება, რომელიც ბუნდესგუნდს 2006 წლიდან თავკაცობს.
ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ გერმანიის ნაკრებში ლიოვის 14 წლიანი საქმიანობა, რომელიც მწვერვალზე ასვლითაც იყო გამორჩეული და უდიდესი კრახითაც, ცოტა ხნის წინ, ერთა ლიგის 2020 წლის ტურნირის დასრულებასთან ერთად დამთავრდებოდა. გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს ალბათ დიდი ხნის მანძილზე გველის ნაკბენივით ემახსოვრებად ესპანეთთან ნაჭამი სირცხვილი, სადაც პირენეელებმა ლიოვის შეგირდებს 6:0 მოუგეს.
რა თქმა უნდა, ფიასკოსგან არცერთი ნაკრები არ არის დაზღვეული. დიდ გუნდებსაც წაუგიათ დიდი ანგარიშით. სტატისტიკაში ქექვა სულაც არ არის საჭირო, ფეხბურთის ჭეშმარიტმა ქომაგმა სახელოვანი გუნდების კატასროფული მარცხები რომ გაიხსენონ. თუნდაც, 2014 წლის მონდიალზე, იმავე გერმანელთა მიერ მასპინძელი ბრაზილიის 7:1 განადგურება რად ღირს.
მოკლედ, იოაჰიმ ლიოვი გადარჩა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს. უფრო მეტიც, თუ ლიოვი გერმანიის ნაკრებს გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ნახევარფინალში გაიყვანს, მაშინ ის თანამდებობას 2022 წლის მონდიალზეც შეინარჩუნებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ლიოვს ბუნდესნაკრებთან კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ბოლომდე აკავშირებს.
შემდეგ კი იურგენ კლოპის დრო მოვა. ყოველშემთხვევაში გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ამის დიდი იმედი აქვთ. როგორც საყოველთაოც ცნობილი გამოცემა Bild-ი ირწმუნება, გერმანიის ფეხბურთის ბოსები დარწმუნებულნი არიან, რომ კლოპის მოთაფვლას შეძლებენ, თუმცა არა გვგონია საამისოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდეთ, რადგან გვეეჭვება თავად კლოპსაც გულის სიღრმეში არ სურდეს გერმანიის ნაკრების გაწრთვნა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის ბუნდენაკრებს უკვე იურგენ კლოპი უნდა თავკაცობდეს, თუმცა არ არის გამორიცხული ეს დრო უფრო ადრეც დადგეს, მაგალითად უკვე გაისად, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იოაჰიმ ლიოვს ულტიმატუმი აქვს წაყენებული – ევრო 2020-ზე მინიმუმ ნახევარფინალი უნდა დადოს.
ასე რომ, იოაჰიმ ლიოვი იურგენ კლოპის სუნთქვის სიხშირეს სულ უფრო მძაფრად გრძნობს.