სტეფანო პიოლის ფორმაციის “მილანი” ქომაგების გახარებას აგრძელებს. “როსონერიმ” სერია A–ს მე–10 ტურის შეხვედრაში “ლუიჯი ფერარისზე” “სამპდორია” 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 26 ქულით ლიდერობს.
“მილანის” ანგარიშზე 10 თამაშიდან 8 გამარჯვებაა, რაც 1954/55 წლების სეზონის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია. მაშინ საწყისი 10 დაპირისპირებიდან მილანელთა ანგარიშზე 9 მოგება იყო.
გარდა ამისა, პიოლის გუნდმა სერია A–ს მიყოლებით 30 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი, რაც 1972/73 წლების სეზონთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგია. ბოლო 12 დაპირისპირებაში “მილანმა” მინიმუმ 2–ჯერ მაინც აიღო მეტოქეთა კარი, ეს კი 1958/59 წლების სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
“როსონერიმ” ჩემპიონატში მიყოლებით 7 შეხვედრა მესამედ მოიგო. პირველად 1964 წელს ნილს ლიდჰოლმის ხელმძღვანელობით დაფიქსირდა, მეორედ კი – 1993 წელს ფაბიო კაპელოს მეთაურობით. მაშინ საერთოდ, ზედიზედ 9 მატჩი მოიგეს.
“მილანი” ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე–6 ტურში 10 დეკემბერს პრაღაში “სპარტას” დაუპირისპირდება, ხოლო სერია A–ში 3 დღეში შინ “პარმას” უმასპინძლებს.