ფეხბურთის ქომაგებისთვის არახალი ამბავია, რომ საკმაო ხანია მუსირებს აზრი სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ბობოლა გუნდების ინიციატივაა. ევროპული გრანდების ბოსებს ჩემპიონთა ლიგის ეს ფორმატი აღარ ხიბლავთ და ამბობენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე სუსტ მეტოქეებთან დაპირისპირებები მათთვის არაფრის მომცემია. ამიტომაც ე.წ. G14-ის შექმნისკენ ისწრაფვიან, სადაც მხოლოდ გრანდები ითამაშებენ.
ეს იდეა კი უეფას არ მოსწონს. ჩემპიონთა ლიგა ხომ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია და გრანდების გარეშე ის ყოველგვარ პეწს და აზრს დაკარგავს. ამიტომაც, უეფამ დაიწყო ფიქრი თუ როგორ დახვეწოს ჩემპიონთა ლიგის ფორმატი, რათა ყველასთვის მიმზიდველი გახდეს.
როგორც პოპულარული ბრიტანული გამოცემა Time-ს გვამცნობს, ჩეფერინი და კომპანია სერიოზული ცვლილებების გატარებას გეგმავენ, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტრუქტურის შეცვლას ითვალისწინებს.
გეგმის თანახმად, 32 ან 36 გუნდისგან ერთი დივიზიონი შეიქმნება და გუნდები ჯგუფებში აღარ გადანაწილდებიან, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. პლეიოფის დაწყებამდე გუნდები 10-10 მატჩს გამართავენ და ყველა დაპირისპირებას მიმოსვლის პრინციპით სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ითამაშებენ. მათი მოწინააღმდეგების ვინაობა კი კენჭისყრის საშუალებით გაირკვევა.
16 საუკეთესო გუნდი პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მე-16 ადგილზე მყოფს დაუპირისპირდება. მეორეადგილოსანი მე-15 პოზიციაზე გასულ გუნდს შეხვდება და ა.შ. ის გუნდები კი, რომლებიც მე-17-დან 24-ე ადგილებს დაიკავებენ, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.
როგორც უცხოური მედია გვარწმუნებს, ამ ე.წ. „შვეიცარიულ სისტემას“ უეფაში ბევრი მომხრე ჰყავს და თუ მას მწვანე აუნთეს, ცვლილებები 2024 წლიდან დაინერგება.