იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი 64 წლის გარდაიცვალა – ამის შესახებ “რაი სპორტის” ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ განაცხადა. როსი ბოლოს სწორედ ხსენებულ არხზე ექსპერტად მუშაობდა.
“ყველანი გულდაწყვეტილნი ვართ, სამწუხარო ინფორმაციაა – პაოლო როსიმ დაგვტოვა. დაუვიწყარი “პაბლიტო”, რომელმაც 1982 წელს მთელ ქვეყანას შეაყვარა თავი, მასთან ერთად მუშაობა კი უდიდესი პატივი გახლდათ” – წერს ვარიალე.
პაოლო როსი 1982 წლის მუნდიალის გამარჯვებულია. მან “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე 6 გოლი გაიტანა, წლის ბოლოს კი ოქროს ბურთიც დაიმსახურა.