საქართველოს ქვედა ლიგებში არაერთი საინტერესო ახალგაზრდა თამაშობს. რამდენიმე მათგანმა თავი გუნდთან ერთად გამოიჩინა და მომავალ წელს ეროვნულ ლიგა 1-ში ითამაშებს. თუმცა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვედა ლიგებში ირჯებიან და ყურადღება ნაკლებად ექცევათ.
ერთ-ერთი გამორჩეული, მაგრამ დაუფასებელი ფეხბურთელი ზურაბ მუსელიანია. ვიტ ჯორჯიას თავდამსხმელი 21 წლისაა. წელს ლიგა 2-ში 8 გოლი გაიტანა, გასული სეზონი კი, ეროვნულ ლიგა 1-ში გაატარა და 6 გოლით დაასრულა. მოკლედ, ვიტელებისთვის სხვა ძალაა. ეგაა, რომ გუნდია სუსტი და ახლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის… წესით, ახალი სეზონი უკეთეს გუნდში უნდა დაიწყოს, მაგრამ…
მუსელიანი თავიდან ვიტ ჯორჯიას დუბლებში იყო და რეგიონული ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მთავარ გუნდში რომ დააწინაურეს, იქ 9-ს ვინ გაატანინებდა, მაგრამ დასამახსოვრებელი თამაშები ჩაატარა. მაგალითად, შარშან ეროვნულ ლიგაში პირველივე თამაში ლამაზი გოლით „დაასველა“ – თანაც, გორში დილასთან 1:0 მოიგეს.
მისი კოზირი მოძრაობა და გახსნაა, მცველებს მუდმივად აწუხებს. მაღალი არაა, თუმცა თავითაც კარგად თამაშობს. წლეულს 21-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ ამის შემდეგ აღარ მოუწევს – 1999 წელს გახლავთ დაბადებული.