აგერ თითქმის წელიწადია საქართველოს რაგბის კავშირი (სრკ) ახალ პრეზიდენტს ელოდება. ახლა კი, ყველაფერი იქით მიდის, რომ სრკ ახალ წელს ახალი პრეზიდენტით შეხვდება – გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობა 30 დეკემბერს ჩატარდება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლაშა (ბაჩო) ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე, რომელიც აქამდეც თავკაცობდა ქართულ რაგბს, მაგრამ სექტემბერში საკუთარი ინიციატივით გადადგა.
ყრილობა თბილისში, ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
დღის წესრიგის თანახმად, ყრილობაზე მოისმენენ რაგბის კავშირის გამგეობისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შემაჯამებელ ანგარიშს; მოხდება საერთო კრებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა, რის შემდეგ შეკრებილები მოისმენენ მათ გამოსვლას, ბოლოს კი, კენჭისყრის პროცედურა დაიწყება.