ალექსანდრ უსიკმა შესაძლოა, ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ერთმანეთში ბრძოლის შესაძლებლობა არ მისცეს – ამის შესახებ “სქაი სპორტსი” იტყობინება.
ბრიტანელების მატჩი ჯერ ოფიციალურად არ დაგეგმილა, თუმცა ცნობილი პრომოუტერი ედი ჰერნი აცხადებს, რომ მის კოლეგასთან, ფიურის წარმომადგენელ ბობ არუმთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
უსიკმა დერეკ ჩისორა დაამარცხა, ჯოშუას კი მის წინააღმდეგ WBO–ს ქამარი აქვს დასაცავი. ამასთან დაკავშირებით ჰერნი აცხადებს: “რასაკვირველია, მის გამარჯვებას და ჩვენს წესებს პატივი უნდა ვცეთ. მას აუცილებლად დაველაპარაკებით და გავიგებთ, რამდენად კმაყოფილია მოვლენების ამგვარი განვითარებით. თუ ტაისონ ფიურიმ გარკვეული მიზეზის გამო კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, მაშინ უსიკი უკვე ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ იბრძოლებს. უსიკი დიდებული მებრძოლია, თუმცა ამ ეტაპზე ერთ სახელზე ვართ კონცენტრირებულნი და ეს ტაისონ ფიურია”.
WBO–ს პრეზიდენტმა პაკო ვალკასერმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ედი ჰერნს ყველაფერი შესანიშნავად მოეხსენება. ბურთი მის მოედანზეა”.
უსიკის პრომოუტერის ალექსანდერ კრასიუკის შეფასება კი შემდეგია: “ჩვენი მიზანი 2021 წლის აპრილში ან მაისში ჯოშუასთან ბრძოლის ორგანიზებაა. მესმის, რომ ჯოშუა–ფიურის დაპირისპირება ყველას სურს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ბრძოლა მალე დაანონსდება”.