რუსული გამოცემა “ბიზნეს–გაზეტა” ქართველ ტალანტ ხვიჩა კვარაცხელიას ასეთ სტატიას უძღვნის:
“დიდი ხანია, “რუბინში” არ ყოფილა მოთამაშე, რომლის გამოც გულშემატკივრები ამ გუნდის თამაშს ტელევიზორში ჩართავდნენ ან სტადიონზე მივიდოდნენ. ხვიჩა კვარაცხელია – ზუსტად ასეთი ფეხბურთელია. მისმა თამაშმა “რუბინის” მიმართ როგორც პრესის, ასევე ნეიტრალური ქომაგების მხრიდან ინტერესი დააბრუნა. არაჩვეულებრივი დრიბლინგი, მნიშვნელოვანი გოლები, ჭკვიანური, “ეშმაკური” გადაცემები, გამომუშავებული პენალტები – ხვიჩა კლუბის გულშემატკივრების საყვარელი ფიგურაა.
“რუბინში” კვარაცხელიას მისვლა ყაზანელებისთვის დიდი გამართლებაა. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ქართველის აგენტ მამუკა ჯუღელთან მეგობრობს. კლუბში ყველა ქართველი სწორედ მისი წყალობით მოხვდა. 2019 წლის ზაფხულში კიდევ ერთი ქართველის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მუშაობდნენ და მაშინ გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავისუფალი იყო – მოსკოვის “ლოკომოტივმა” მას კონტრაქტი არ შესთავაზა, იური სიომინმა კი ქართველი ცრემლებით გააცილა, რადგან იცოდა, რომ გუნდი ამომავალ ვარსკვლავს კარგავდა.
დღეს ხვიჩა ის მოთამაშეა, რომელზეც უარს ვერც ერთი რუსული კლუბი ვერ იტყვის. ჩვენი ინფორმაციით, “რუბინმა” 10–15 მილიონი ევროს ფარგლებში უკვე მიიღო შეთავაზება, მისი აგენტი კი აცხადებს, რომ ქართველით “ტორინო”, “სასუოლო”, “უდინეზე”, “გენტი” და “ზალცბურგი” ინტერესდებოდნენ. “რუბინი” კვარაცხელიაში 20–25 მილიონს ითხოვს.
დრიბლინგები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები – ხვიჩა მეტოქეებს დიდ დაბრკოლებებს უქმნის. ყაზანში, ტაქტიკური ჭადრაკებისა და მუდმივი ჭიდაობისგან დაღლილი ხალხი კვარაცხელიას თამაშს ანთებული თვალებით უყურებს. ქართველმა რომანტიკული ფეხბურთის რწმენა დააბრუნა, სადაც ჭკვიანური პასისა და დარტყმის, ეფექტური დრიბლინგის ემოცია გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი დროულად დაკეტილი ზონა. რასაკვირველია, მას მწვრთნელშიც გაუმართლა – ლეონიდ სლუცკი მის საუკეთესო თვისებებს აფასებს და განვითარებაში ეხმარება”.