“გლადბახის” თავდამსხმელმა მარკუს ტიურამმა ბოდიში მოიხადა და მზადაა, ნებისმიერი სასჯელი მიიღოს – ბუნდესლიგის მე–13 ტურის შეხვედრაში “ჰოფენჰაიმის” მცველ შტეფან პოშს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ფრანკ ვილენბორგმა ფრანგ შემტევს წითელი ბარათი უჩვენა.
“ის, რაც მოხდა, ჩემი ხასიათი არაა. უბრალოდ, მეტოქის საქციელზე არასწორი რეაგირება მქონდა. ბოდიშს ვუხდი ყველას – პირადად შტეფან პოშს, მეტოქეებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სასჯელს მივიღებ” – აცხადებს ლეგენდარული ლილიან ტიურამის ვაჟი.
აღსანიშნავია, რომ ეს 23 წლის შემტევისთვის კარიერაში პირველი გაძევებაა, მატჩი კი “ჰოფენჰაიმმა” 2:1 მოიგო.