“მოგესალმებით. ილია სიხარულიძე, პროფესიით ფინანსისტი. გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივარი “უხსოვარი დროიდან”. 😀
– როგორ დაიწყო ფეხბურთისადმი სიყვარული? გახსოვს პირველი მატჩი?
– დაიწყო იმ დროიდან, როცა ეზოში ფეხბურთის თამაშისას ყველა ვამბობდით, რომ რომელიმე ვარსკვლავი ვიყავით – რონალდო, ბაჯო და ა.შ. მე ყოველთვის “კლინსმანობა” მსურდა. ისე მოხდა, რომ გერმანიას ალტერნატივაც არ ჰქონია. პირველი შეხვედრა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს: 94–ში გერმანია–ბულგარეთი. გამოდის, რომ წაგებული მატჩის შემდეგაც შეიძლება გულშემატკივრობის დაწყება.
– ქართულ ფეხბურთში ვის ქომაგობ?
– ეროვნული ნაკრების გარდა, კლუბებიდან “ლოკომოტივს”. ძალიან მომწონს გიორგი ჭიაბრიშვილის სტილი. გარდა ამისა, მოგვარე გოლეადორი ჰყავთ (ირაკლი სიხარულიძე – რედ.) და უბნის გუნდია.
– როგორ ფიქრობ, ვინ უნდა იყოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი?
– ვფიქრობ, ეს უცხოელი უნდა იყოს, რადგან ხელოვნურ ჩარევებს ნაკლები გავლენა ჰქონდეს.
– რატომ “ბაიერნი”?
– იმიტომ, რომ მათი ფსიქოლოგია ყველაზე ახლოსაა ჩემთან – დიდი ისტორია; აგრესიული, შემტევი სტილი.
– ელოდი ჰანს–დიტერ ფლიკის ასეთ დიდებულ სვლას?
– ნამდვილად არა. როგორც ალბათ ყველა, მეც ვერ წარმოვიდგენდი მოვლენების ამგვარ განვითარებას. ფლიკი ღმერთის საჩუქარია. 😀
– იუპ ჰაინკესის ფორმაციის რეკორდმაისტერი თუ ფლიკის “ბაიერნი”?
– რასაკვირველია, ჰაინკესს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი ერთი ამოსუნთქვით მომგები გუნდი არასდროს მინახავს.
– მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი, იოზუა კიმიხი…
– ყველა დროის საუკეთესო მეკარე; მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის მოტორი, მომავალი კაპიტანი. ნამდვილი გერმანული ხასიათით.
– საშუალება რომ გქონდეს, ამ “ბაიერნში” დაამატებდი ფორმის პიკში მყოფ არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის?
– ვფიქრობ, რომ სანე, გნაბრი და კომანი ჯერჯერობით “რობერის” დონეზე ვერ არიან, მაგრამ მაინც არ დავამატებდი – სჯობს, ბიჭებს ვაცადოთ.
– შეუძლია გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება?
– შეუძლია და მთავარი ფავორიტიცაა. თუ “რეალმა” შეძლო, “ბაიერნსაც” შეუძლია – თანაც, მსაჯების გარეშე!
– ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ იოახიმ ლიოვმა ამოწურა თავი?
– ვეთანხმები. წასვლის მომენტი გამოეპარა. გაუშვა მიულერი, ჰუმელსი და ეს დღემდე ვერ ამოვხსენი + ამას, გაუმართლებელი ექსპერიმენტები… ძალიან არ მინდა, მაგრამ მომავალ ევროზე ჯგუფიდან გასვლის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
– რამდენად ელოდი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობას?
– რა თქმა უნდა, ველოდი. მაშინ სხვა ვითარება იყო: მანუ, ლამი, “ბასტი”; კარგი დაცვა; მიულერი, კლოზე – საუკეთესო გუნდი იყო და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.
– შენი ფავორიტი 5 გერმანელი…
– გერდ მიულერი, ოლივერ კანი, შტეფან ეფენბერგი, თომას მიულერი და მანუელ ნოიერი.
– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც მოესწარი + მწვრთნელი…
– ნოიერი – ლამი, მალდინი, ნესტა – მათეუსი – ზიზუ, ბაჯო, რონალდინიო – მესი, კრიშტიანუ, რონალდო. მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.