მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა მანუელ ნოიერმა მისთვის და გუნდისთვის აწ უკვე გასული დიდებული 2020 კიდევ ერთხელ შეაჯამა.
გუნდში ჰანს–დიტერ ფლიკის დანიშვნის შემდეგ “რეკორდმაისტერი” კვლავ ყველასათვის ნაცნობ “გერმანულ მანქანად” იქცა – გუნდმა ისევ იმ ფეხბურთის ჩვენება განაახლა, რასაც ამ გუნდისგან მიჩვეულნი ვართ და რაც რეალურად, “ბაიერნის” ნიშაა.
“რთული, ემოციურად დატვირთული წელიწადი, რომელიც ჩვენთვის ძალზე წარმატებული გამოვიდა. სუპერგუნდი ვიყავით და ტიტულებიც დავიმსახურეთ, დაგვირგვინება კი ჩემი და რობერტ ლევანდოვსკის ჯილდოები და შემდეგ უკვე “ლევერკუზენთან” რთულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება იყო. 2021–ში პროგრესი უნდა გავაგრძელოთ” – აცხადებს მსოფლიოს 5–გზის საუკეთესო მეკარე.
1–დან 11 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით “ბაიერნის” ლიდერმა და კაპიტანმა განაცხადა: “გვსურს, რომ ახალი წელი სწორედ ამ ტიტულით გავხსნათ, შემდეგ კი ისევ სამივე ტურნირის მოსაგებად ვიომებთ”.