მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში “გრანადასთან” (2:0) ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვიდეოგამეორების VAR და ზოგადად, ესპანეთში არსებული მსაჯობის შესახებ ისაუბრა.
საინტერესოა, რომ ამ მატჩში თავად ბრაზილიელსაც 2 საკამათო ეპიზოდი ჰქონდა და არც ერთ ამ შემთხვევაში დაპირისპირების მთავარმა არბიტრმა ხუან მარტინეს მუნუერამ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ანალოგიურ აზრზე იყო ვიდეოგამეორებაც.
“VAR ფეხბურთს ეხმარება. არის ბევრი საკამათო ეპიზოდი და შეიძლება, პირველადი ეფექტით არასწორად დაინახო, მაგრამ ვიდეოგამეორება აქაა”.
რამდენიმე დღის წინ “სამეფო კლუბის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მსაჯებზე ისაუბრა. ლეგენდარულ ფრანგს მხარი ბრაზილიელმა შეგირდმაც აუბა: “მწვრთნელმა ყველაფერი გასაგებად თქვა. ის მსაჯობას და სხვა გუნდს არასდროს განიხილავს. იგი ყველასთვის მაგალითია. ჩვენ გასამართლებელი საბუთების ძებნა კი არა, სამუშაოს გაგრძელება გვჭირდება”.
“რეალი” ესპანეთის ჩემპიონატში წლის ბოლო შეხვედრას 30–ში სტუმრად “ელჩეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.