“ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა” – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი კვალი დატოვა – საუბარი, რასაკვირველია, ლეგენდარულ ვალერი ლობანოვსკიზეა.
მას ფეხბურთელის კარიერა არ გამოუვიდა ისეთი წარმატებული, როგორც სამწვრთნელო – საერთოდ, რა შედარებაა?! მიუხედავად ამისა, ამბიცია და ანალიზის უნარი თავიდანვე უმაღლეს დონეზე ჰქონდა განვითარებული, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა – ვალერი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო და სკოლაც ოქროს მედალზე დაასრულა.
ამონარიდი ჯონათან უილსონის წიგნიდან – “პირამიდის გადმობრუნება”
“ვალერი ლობანოვსკი იზრდებოდა ეპოქაში, რომელშიც მეცნიერება დიდ პროგრესს განიცდიდა. როცა საბჭოთა კავშირმა პირველ ატომური ელექტროსადგური ააგო და კოსმოსში “სპუტნიკი” გაუშვა, ლობანოვსკი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელობისას ლობანოვსკის სურვილი დრიბლინგი, სხვადასხვა სახის ფინტის შესრულება და მოწინააღმდეგის გაბრაზება იყო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლამ ფეხბურთზე მოსაზრება შეუცვალა. მისთვის სპორტის ეს სახეობა ოცდაორელემენტიან სისტემად იქცა – ორი თერთმეტელემენტიანი ქვესისტემით, რომელიც განსაზღვრულ ფართობზე (ამ შემთხვევაში მოედანზე) მოქმედებდა და აკრძალვათა გარკვეულ სისტემას (თამაშის წესებს) ემორჩილებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი ქვესისტემები ტოლფასი იყო, შედეგი ფრე იქნებოდა; რომელიმეს სიძლიერის დამტკიცების შემთხვევაში სწორედ ის გაიმარჯვებდა.
ლობანოვსკი მიიჩნევდა, რომ ფეხბურთი არა ინდივიდების, არამედ მათი გაერთიანებებისა და მათ შორის კავსირებზე აგებული თამაში გახლდათ. “მთელი ცხოვრება რიცხვებია” – ამბობდა ლეგენდარული უკრაინელი”.
ვალერი ლობანოვსკი ფეხბურთის ისტორიაში ულაპარაკოდ ერთ–ერთი გამორჩეული და დიდებული სპეციალისტია. უამრავ გუნდურ ტიტულთან ერთად, გაზარდა ოქროს ბურთის მფლობელი 3 ფეხბურთელი – ოლეგ ბლოხინი (1975), იგორ ბელანოვი (1986) და ანდრეი შევჩენკო (2004).
“ლობანოვსკის ჩემზე იმხელა გავლენა აქვს, რომ დღემდე სიზმრებში ვხედავ ხოლმე. ისინი ჩვენ პოზიციის მიხედვით არ გვყოფდა. თითოეულ ჩვენგანში განსაკუთრებულ უნარებს ეძებდა. მე ყოველთვის მავალებდა პრესინგს და მეტოქის შეტევების წამოწყების პროცესის დაბლოკვას. გარდა ამისა, სულ მეუბნებოდა, ყოველთვის ეცადე თამაშის წაკითხვას და შეტევისთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევას. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მისგან ვისწავლე – წარმატება რწმენის შედეგად მოდის” – ანდრეი შევჩენკო.
“ის, რაც მან ფეხბურთისთვის გააკეთა, ენითაღუწერელია. ის ყოველთვის დროს უსწრებდა. ვალერი ლობანოვსკი მთელი მსოფლიოსთვის საპატივცემულო ფიგურაა” – ფრანც ბეკენბაუერი.
“ლობანოვსკი ჩემთვის ერთ–ერთი მასწავლებელია. მე მის ლექციებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი” – მარჩელო ლიპი.
“ლობანოვსკის გუნდები ყოველთვის ფიზიკურად ძალიან ძლიერნი და ტაქტიკურად დისციპლინირებულნი იყვნენ. ფეხბურთის წინაშე მისი წვლილი განუზომელია” – ლუის არაგონესი.
და ბოლოს მისი ფრაზებიც გავიხსენოთ:
“ფეხბურთი სამხედრო კონფლიქტივითაა, როცა ორივე მხარეს ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება”.
“თამაშები მეხსიერებიდან იშლება, შედეგები კი – ყოველთვის რჩება”.
“დალაგებული სისტემა წარმატების გარანტია არაა, მაგრამ გაძლევს მეტ შანსს წარმატებისთვის”.
ლეგენდარული ვალერი ლობანოვსკი 2002 წლის 13 მაისს გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.
მოამზადა გიორგი ფულარიანმა